სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ზუგდიდი |
შიდა დაყოფა | ფოთი, აბაშის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°30′29″ ჩ. გ. 41°52′21″ ა. გ. / 42.50806° ჩ. გ. 41.87250° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | გიორგი გუგუჩია |
ფართობი | 7441 კვადრატული კილომეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 330 761 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 44,45 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,37 % რუსები 0,35 % უკრაინელები 0,09 % სომხები 0,04 %[1] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,58 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | https://szs.gov.ge/ |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ფართობი შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 330 761 კაცს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 44,45 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი. მხარეში 500 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 8: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა, ხობი, ჯვარი;
- დაბა — 2: მესტია, ჩხოროწყუ;
- სოფელი — 491.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეგრელო–ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის 10,6 %-ია, რაც შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3,01 ათასი კვ.კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40,7 %.
დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით — აფხაზეთი, რომელთანაც საზღვარი მდინარე ენგურზე და კოდორის ქედზე გადის, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაციის სუბიექტები: ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი არიან გამოყოფილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, რომელთანაც სვანეთის და ეგრისის ქედებზე და ასხის მასივზე გადის საზღვარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იმერეთი და სამხრეთით — გურია.
ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ „ჭერად“ ითვლება. მისი ტერიტორიის 96 % ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხოლო 65,8 % 2000 მეტრზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
- სამეგრელო
- სვანეთი
- ოდიშის სამთავრო
- სვანეთის სამთავრო
- აფხაზეთის სამთავრო
- იმერეთის სამეფო
- საქართველოს ისტორია
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 თვითმმართველი ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1995 — ბონდო ჯიქია
- 2000 — ლერი ჭითანავა
- 2004 — გიგი უგულავა
- 2005 — მიხეილ არდია
- 2007 — ზაზა გოროზია
- 2011 — გურამ მისაბიშვილი
- 2012 — ზაზა გოროზია (მეორედ)
- 2013 — თენგიზ გუნავა
- 2013 — ლევან შონია
- 2018 — ალექსანდრე მოწერელია
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამეგრელო და ზემო სვანეთი | 374,633 | 412,190 | 422,957 | 425,473 | 429,200 | 466,100 | 330,761 | 328,400 | 324,200 | 320,800 |
ქ. ფოთი | 48,117 | 45,979 | 48,508 | 50,922 | 51,100 | 47,149 | 41,465 | 41,800 | 41,700 | 41,700 |
აბაშის | 30,286 | 30,416 | 29,246 | 28,219 | 28,600 | 28,707 | 22,341 | 21,700 | 21,200 | 20,800 |
ზუგდიდის | 96,643 | 112,241 | 120,217 | 125,444 | 126,800 | 167,760 | 105,509 | 105,700 | 104,200 | 103,300 |
მარტვილის | 47,777 | 49,167 | 47,797 | 46,009 | 46,100 | 44,627 | 33,463 | 33,100 | 32,800 | 32,600 |
მესტიის | 16,311 | 17,801 | 17,442 | 14,776 | 14,800 | 14,248 | 9,316 | 9,500 | 9,500 | 9,500 |
სენაკის | 47,553 | 50,336 | 50,774 | 52,681 | 52,600 | 52,112 | 39,652 | 38,500 | 37,700 | 36,900 |
ჩხოროწყუს | 27,647 | 30,784 | 31,404 | 29,840 | 30,600 | 30,124 | 22,309 | 22,200 | 22,100 | 21,900 |
წალენჯიხის | 29,019 | 37,813 | 39,477 | 38,643 | 39,200 | 40,133 | 26,158 | 25,700 | 25,200 | 24,800 |
ხობის | 31,280 | 37,653 | 38,092 | 38,939 | 39,400 | 41,240 | 30,548 | 30,100 | 29,007 | 29,200 |
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის თანახმად სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ხუთი ეპარქია:
- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ანაკლია, ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) — გერასიმე. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
- მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (დ. მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტი) — ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.
- სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, დ. ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს და სენაკის მუნიციპალიტეტები) — მიტროპოლოტი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.
- ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი) — მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
- ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტები) — მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშაში.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა (ფოთი, ხობი), ცენტრალურ და მაღალმთიან ზონებში (მესტია). ფოთი საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია, რომელზეც მოდის ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი წილი. რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე.
ფოლკლორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეგრელო-ზემო სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეგრული და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს — მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.
მეგრულ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი (ცეკვა და სიმღერა) კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.
ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.
საპრეზიდენტო ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.
ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ „ოდოიას“ ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები — იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები. ხოლო შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა უმთავრესად საეკლესიო ნაგებობითაა წარმოდგენილი.
უძველეს მონასტერთა შორის აღსანიშანავია მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი, რომელიც X საუკუნეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, ხოლო ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ქართლის ცხოვრების ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბაშის მუნიციპალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეფიეთის ტაძარი
- ტყვირის ეკლესია
- სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია
- კადარის ეკლესია
- გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დადიანთა სასახლე ზუგდიდში
- კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
- ცაიშის მონასტერი
- ანაკლიის ციხე
- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
- ჭაქვინჯის ციხე
- რუხის ციხე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი
- წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია
- თამაკონის ციხე
- აბედათის ციხე-დარბაზი
- ნოღის ციხე
- მარტვილის მონასტერი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XII ს.
- ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
- ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
- სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
- სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში.
- ჟუჟღი - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
- ონიორე - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
- ტობის მღვიმე (ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
- სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
- მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
- წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა, მთის ბილიკები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
- გამაჯისციხის ნანგრევები
- ციხე კაცხარა
- სამიქაოს გამოქვაბული
- საეპისკოპოსო ეკლესია
- ჯაღირის ციხე
- წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ულურიის ციხე
- მამუკიას კოშკი
- დილაქირსეს ციხე-სიმაგრე
- სქურის ციხის ნანგრევები
- ლესალეს ციხის ნანგრევები
- ჯგალის კონუსისებრის კოშკი
- ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
- ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
- ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.
- ციხე-კოშკი ომუნე
- ციხე-კოშკი მუმანა
- ლექარდეს ციხე-კოშკი
- ლეშამგეს ეკლესია
- სათოფურიანი ციხის ნანგრევები
- მაღალგორის ციხე
- დობერას ციხე
- ნაოხვამუ საეკლესიო კათედრა
- ჯიხა თავდაცვითი ხასიათის
- ჯვარის ეკლესია
- ქვაცანცალა
- წმინდა გიორგის სახელიობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს.
- ნოჯიხევი ციხის ნანგრევები
- ჯიხა ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
- ჯიხა ციხის ნანგრევები (საჩინო)
- წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა)
- ნოჯიხური XI—XV ს.
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
- ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
- სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
- ტარას კვარაცხელიას სახლ–მუზეუმი
- ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი
- ეგნატე ფიფიას სახელობის მუზეუმი (ჩქვალერი)
განათლება და მეცნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზოგადოების ისტორიული მემკვიდრეობაა. რასაც ადასტურებს ძველი კოლხეთის სამეფოს, აგრეთვე ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების პერიოდის საგანმანათლებლო და მეცნიერული წყაროები.
ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებში თავიდანვე ჩაერთო რეგიონის ყველა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაცია.
საშუალო ზოგად-საგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების სისტემის ხელმძღვანელობას კანონის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებენ: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
2008 წლის სექტემბრის მონაცემებით რეგიონში ფუნქციონირებს – 256 საჯარო და 21 კერძო ზოგადსაგნამანათლებლო სკოლა, 3 ობოლ და მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დაწესებულება, რომელთა დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად ვაუჩერიზაციის მიხედვით. ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რიცხვი რეგიონში შეადგენს 187-ს, მათ დაფინანსებას კანონის შესაბამისად ახდენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კერძო სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვი 15.
ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში რეფორმების მიმდინარეობის მეთოდურ და ზოგად სასწავლო დახმარებას ახდენენ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები მუნიციპალური ტერიტორიული დაყოფის მიხედვით.
რეგიონული დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინეობა – აღინიშნება 1989 წლიდან, ყოველი წლის 15 მაისს, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს. სახალხო ზეიმი იმართება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ–მუზეუმში.
- ვლაქერნობა – აღინიშნება ყოველი წლის 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
- კვირიკობა – აღინიშნება 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების დღეს.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 9 კომპლექსური და 3 მარტივი ტიპის სასპორტო სკოლა.
სპორტულ სკოლებში ფუნქციონირებს სექციები შემდეგ სახეობებში:
- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
- ჭიდაობა სამბო
- მაგიდის ჩოგბურთი
- კარატეს სექცია
- ტანვარჯიში
- მკლავჭიდი
- კალათბურთი
- ფრენბურთი
- ხელბურთი
- ფეხბურთი
რეგიონში ჩამოყალიბებულია ფედერაციები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ კლუბებს სახეობების მიხედვით. ზუგდიდში რეკონსტრუქცია გაუკეთდა ცენტრალურ სტადიონს.
რეგიონში არის ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული საფეხბურთო კლუბები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ საქართველოს ჩემპიონატში:
- საფეხბ. კლუბი ზუგდიდი (ზუგდიდი) - უმაღლესი ლიგა
- საფეხბ. კლუბი მერანი (მარტვილი) – უმაღლესი ლიგა
- საფეხბ. კლუბი კოლხეთი 1913 (ფოთი) - 1 ლიგა
- საფეხბ. კლუბი კოლხეთი (ხობი) - 1 ლიგა
- საფეხბ. კლუბი სქური (წალენჯიხა) - 2 ლიგა
ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში მხარეში მოქმედებს 73 მარტივი ტიპის სტანდარტული, 43 მინი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი და 16 კომპლექსური მოედანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონს.
ქ. აბაშაში ჩამოყალიბებულია ცხენოსან სპორტსმენთა კლუბი, რომელმაც საქართველოს 2008 წ. გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 5 საჭადრაკო სკოლა და 2 საჭადრაკო სექცია, სადაც აღზრდილა არაერთი წარმატებული მოჭადრაკე:
- ნონა გაფრინდაშვილი — 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი;
- ნანა ალექსანდრია — 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
- ალექსანდრე დგებუაძე — დიდოსტატი;
- კონსტანტინე შანავა — დიდოსტატი;
ტურნირებზე წარჩინებით ასპარეზობენ ნორჩი მოჭადრაკეები: ქ. ფოთის ნ. ალექსანდრიას სახ. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა 2008 წელს მოიპოვეს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული 10 წლის გოგონათა შორის, ხოლო 12 წლის გოგონათა შორის პირველობაზე მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.
რეგიონი გამოირჩევა სპორტული წარმატებებით ძალოსნობაში. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები:
ირაკლი ცანავა – დავით გოგია – გიორგი საჯაია – ილიკო ჯალაღონია – თემურ ჩხეიძე – ზაალ კვიციანი – თემურ პერტაია – აგული გეგელია –
აღნიშვნის ღირსია ზუგდიდელი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, სხვადასხვა შეჯიბრებების გრან-პრის მფლობელი, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზიანტი.
ზუგდიდში 2008 წელს აშენდა თანამედროვე ტიპის ყინულის სახლი, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდობას სთავაზობს გართობას, ვარჯიშსა და დასვენებას.
საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად იმართება მოსწავლეთა შორის პირველობა - „მხიარული სტარტები“, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზუგდიდი:
-
ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი (ღამით)
-
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ზუგდიდში
-
პარკი ზუგდიდში
-
დადიანების მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხარეო ადმინისტრაციის საიტი დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.
- რეგიონის რუკა დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|