ლოკალური TECH გამოწვებიდან გლობალურ სტანდარტებამდე
გიგი პატარაია | TECH Insights

ლოკალური TECH გამოწვებიდან გლობალურ სტანდარტებამდე

ტექში ჩემი თავგადასავალი უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო, პირველი ნაბიჯები თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლისას გადავდგი. წლების განმავლობაში დამიგროვდა საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. 2019-2022 წლებში ესტონეთში შევუერთდი Bolt-ის გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე, შემდეგ იყო გერმანია - Google, სადაც ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ გადავწყვიტე გლობალურ გიგანტ კომპანიებში დაგროვილი გამოცდილებით საქართველოში დავბრუნებულიყავი და ახლა უკვე აქ მეცადა ბედი.

წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისას, მივიღე მრავალფეროვანი გამოცდილება და ჩემთვის ცხადი გახდა ის მსგავსებები და განსხვავებები, რაც გლობალურ და ლოკალურ ბაზარზე დასაქმებისას იკვეთება. 


ფაქტია, არსებობს განსხვავებები ლოკალურ და გლობალურ ტექ კულტურას შორის, თუნდაც ზომიდან გამომდინარე. ტექში მომუშავე ადამიანის საშუალო ასაკი საქართველოში საგრძნობლად დაბალი იქნება იმავე მაჩვენებელთან შედარებით ევროპაში, რაც ლოგიკურად მეჩვენება საქართველოს უახლოესი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ტექის განვითარება მიბმულია გლობალურ ტრენდებზე. საქართველოში ტექ ინდუსტრია ვითარდება და ვცდილობთ საუკეთესო პრაქტიკის გადმოღებასა და დანერგვას. ტექნოლოგიები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ მსოფლიოში, აღწევენ ქართულ ბაზარზეც. 

ვინაიდან საქართველოშიც და მსოფლიოშიც ცდილობენ საუკეთესო და უკვე გამოცდილ პროდუქტებთან მუშაობას, ვერ ვიტყვი რომ ტექნოლოგიებში დიდი სხვაობაა. ჩემი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსგავსებაა ეჯაილ მიდგომით მუშაობა. ბოლტშიც და გუგლშიც ამ მიდგომის გამოყენება მომიწია. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ეჯაილი ქართულ სამუშაო ყოველდღიურობაშიც მხვდება.

გიგი პატარაია | TECH Insights

მნიშვნელოვანია მხარდაჭერის საკითხიც, მაგალითად საქართველოში ამ მიდგომის განსავითარებლად eteam-მა მემორანდუმი გააფორმა Agile School-თან და ერთობლივად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ პროცესების ოპტიმიზაციას. 


გამოწვევები, რა თქმა უნდა, ორივეგან არსებობს. გლობალურ კომპანიაში მუშაობისას შეიძლება გვქონდეს კომუნიკაციის პრობლემა, ხშირად უწევთ დასაქმებულებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ კოლეგებთან ონლაინ შეხვედრა, რაც გამოწვევაა თუნდაც განსხვავებული სასაათო სარტყელის მხრივ. არის შემთხვევები, როდესაც პროექტზე სრულიად განსხვავებული ადამიანები და გუნდები მუშაობენ, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ლოკალურ ბაზარზე განსხვავებული გამოწვევებიც გვაქვს,მაგალითად კადრების ნაკლებობა და კვალიფიკაცია. საქართველოში, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, კვალიფიკაცია საკმარისია ბიზნესების ინტერესების დასაკმაყოფილებლად და გამართული, წარმატებული პროდუქტების შესაქმნელად, მაგრამ არაა საკმარისი ტექ ინდუსტრიის გლობალურ მასშტაბებზე გასაყვანად, ტექნოლოგიური ინოვაციების დასანერგად, რაც ცხადია მარტივი საქმე სულაც არაა. ჩვენი ტექ ბაზარი მცირეა გლობალურ ბაზართან შედარებით, ის უფრო მეტად არის ორიენტირებული ადგილობრივ და რეგიონულ საჭიროებებზე, თუმცა, საბედნიეროდ, სტაბილურად იზრდება. 


მიუხედავად იმისა, რომ ტექი საკმაოდ აქტუალური სფერო გახდა საქართველოში, ტალანტების მოძიების გამოწვევა კვლავ არსებობს, შესაძლოა ეს იმის გამოც ხდება, რომ ტექში დასაქმებულთათვის გლობალური ბაზარი უფრო მიმზიდველია.  თანაც საქართველოში საერთო სურათი მაინც ისაა, რომ ტექში სენიორ დონის პროფესიონალების მნიშვნელოვანი ნაკლებობაა. ესეც, რა თქმა უნდა, დროის ფაქტორის გამო - ამ პროფესიის ათვისება ჩვენთან სულ რამდენიმე წელია რაც მასობრივად დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, სხვა ტექ კომპანიებიც კორპორატიული კულტურის გაძლიერების ხარჯზე მოახერხებენ ამ მოცემულობის შეცვლას .

თუ იქნება მეტი დამსაქმებელი, რომელიც იზიარებს ევროპულ ხედვებსა და სტანდარტებს, საქართველოში დასაქმება უფრო მიმზიდველი გახდება ტექ ტალანტებისთვისაც.  eteam-ი ამ მიმართულებით ბაზარზე ლიდერობს, რაზეც  Top Employers Institute –ის მიერ მონიჭებული TOP დამსაქმებლის სტატუსიც მეტყველებს. 

ფაქტია საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, იმისათვის რომ ტექში მოწინავე ქვეყნებს გავუთანაბრდეთ. შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ისტორიულად ჩვენთან ძალიან ახლოს მდგარი ქვეყნისგან, ესტონეთისგან. ესტონეთის მოსახლეობა საქართველოსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, მაგრამ ამ ქვეყანამ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ შეძლო და ხმამაღალი სიტყვა თქვა ტექში. დღესდღეობით ბალტიისპირეთის ტექნოლოგიური ბაზარი ხასიათდება ციფრული ინოვაციებითა და წარმატებული სტარტაპებით. ქვეყანა იყენებს თავის ციფრულ ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუწყოს ტექ ეკოსისტემის განვითარებას და მოიზიდოს ტალანტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამ ქვეყნის მაგალითზე, ცხადია ეს შედეგი მიღწევადია სწორი პოლიტიკის გატარების ხარჯზე.  


ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება მეტი დრო, რომ ფეხი აუწყოს გლობალურ ტექ ბაზარს, გამოწვევების დაძლევის შემდეგ, მჯერა ჩვენთანაც მაღალი ტემპით დაიწყებს ეს სფერო განვითარებას და მაღალი კორპორატიული შეგნების წყალობით ადგილობრივი კომპანიები სამაგალითო დამსაქმებლები გახდებიან, რაც ჩვენი ტალანტების გლობალურ ბაზარზე გასვლას დააჩქარებს. მიხარია, რომ კომპანია, რომელშიც დასაქმებული ვარ, სწორედ მსგავსი ორიენტირით ხელმძღვანელობს - არ სჯერდება ლოკალური საჭიროებების დაკმაყოფილებას და ამბიციებსაც დასაქმებულთა უნარებისა და ცოდნის პროპორციულად ზრდის. 

Nazi Arshaulidze

Quality Assurance Manager at Betsson Group

5mo

გიგი 💫🚀👏❤️

To view or add a comment, sign in

Explore topics