ბრიფიდან TECH პროექტის აღსრულებამდე
თათული eteam-ში კამპანიის მენეჯერის პოზიციას 2021 წლიდან იკავებს. პრაღაში, University of New York-ში საერთაშორისო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ 3 წელი მარკეტენგის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ახალი გამოწვევების ძიება და შემოუერთდა ევროპაბეთის გუნდს, გახდა (PMP) სერტიფიცირებული პროექტების მართვის სპეციალისტი და შექმნა უამრავი წარმატებული პროექტი. საინტერესოა, როგორია მისი სამუშაო პროცესი და როგორ ახერხებს ყველა რისკის დაზღვევის ხარჯზე გამორჩეული პროექტების განხორციელებას.
კამპანიის მენეჯერის როლი ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებულად საინტერესო და მრავლისმომცველია, აქ გიწევს როგორც კრეატიული, ისე მენეჯერული და ტექნიკური უნარების გამოვლენა. ეს პოზიცია მოიცავს კამპანიის დაგეგმვას და მართვას, ბრიფის შედგენის მომენტიდან, კამპანიის აღსრულებამდე, კამპანიის მონიტორინგს მიმდინარეობის პროცესში და შეფასებას პროექტის დასრულების შემდეგ.
ბრიფის მომზადება და გაზიარება სხვადასხვა გუნდებთან;
უკუკავშირის მიღება და საბოლოო ბრიფის შესაბამისად დადასტურება;
კონცეფციის და საკომუნიკაციო სტრატეგიის მიხედვით დიზაინის და სხვა ვიზუალური, ტექსტური კონტენტის მომზადება
კამპანიის დეველოპმენტი და ტესტირება;
პროექტის გაშვება და მონიტორინგი;
კამპანიის დასრულების შემდეგ მისი შეფასება.
ბევრს აინტერესებს, თუ როგორ იწერება კამპანიის ბრიფი?
აუცილებელი ინფორმაცია, რასაც ბრიფი უნდა მოიცავდეს პირველ რიგში არის პროექტის მიზანი, რას ემსახურება კამპანია და რატომ ვაკეთებთ მას. შემდგომ, ბაზრის მოკლე მიმოხილვა, რა კონკურენტული უპირატესობა აქვს ჩვენს პროექტს, რითია გამორჩეული და რა სტრატეგია გვაქვს არჩეული მიზნის მისაღწევად.
დიზაინ ბრიფი - რომელიც მოიცავს მოკლე მონახაზს სტრუქტურულად როგორ უნდა გამოიყურებოდეს კამპანია, რა აუცილებელ ცვლადებს უნდა შეიცავდეს, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მისაწოდებლად.
ტექნიკური დავალება და კამპანიის მექანიკის დეტალური აღწერა, თუ როგორ იმუშავებს კამპანია, კონკრეტული დეტალებით და მაგალითებით. ტექნიკური ნაწილი მოიცავს ძირითადად ტექ. გუნდისთვის საჭირო ინფორმაციას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიფში აღწერილი ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ჩაშლილი და ყველასათვის გასაგებ ენაზე მიწოდებული.
ვფიქრობ, რომ მასშტაბური კამპანიების მომზადებისას აუცილებელია ბრიფის არამარტო წერილობით გაზიარება, არამედ პირისპირ განხილვა. მსგავსი ტიპის შეხვედრები იძლევა ყველა ჩართული მხარის აზრის მოსმენის საშუალებას.
სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს გააჩნიათ უნიკალური ექსპერტული ცოდნა, რაც რიგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული პროექტისთვის. მათი კითხვების, კომენტარების გაზიარებამ შესაძლოა პროექტს სრულად შეუცვალოს მიმართულება, Face 2 Face შეხვედრა ერთგვარი უზრუნველყოფაა იმისა, რომ არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები.
ბევრს აქვს კითხვა, რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს დეველოპერების გუნდი პროცესში ?
დეველოპერების გუნდის ჩართულობა აუცილებელია საწყის ეტაპზევე, შესაძლოა მათი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და უკუკავშირი საჭიროს ხდიდეს ცვლილებებს პროექტში. თუკი დეველოპერების გუნდი ბოლო ეტაპზე ჩაერთვება კამპანიის მომზადებაში, ცვლილება ბევრად ძვირი და მტკივნეული იქნება, არამიზნობრივად დაიკარგება დროის რესურსი, რადგან ამ ეტაპისთვის, წინასწარ იქნება მომზადებული საკომუნიკაციო მასალები. არამარტო დეველოპერების, არამედ ყველა ჩართული მხარის პროექტის დეტალებზე თავიდანვე ინფორმირება ამცირებს რისკებს და სამომავლო ცვლილებების ალბათობას.
ასევე, საინტერესოა როგორ ხდება შესრულებული სამუშაოს შეფასება.
ყველა კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კამპანიის მიზანი, რაც აუცილებლად გაზომვადი უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული KPI-ებით, რომლის მიხედვითაც ციფრებში შეფასდება კამპანიის წარმატება.
გარდა ამისა, კამპანიის შედეგების შეფასებისას მნიშვნელოვანია მომხმარებლების აღქმა, მათი ჩართულობა, უკუკავშირი და კამპანიის ტექნიკური სტაბილურობა.
საბოლოოდ, ალბათ მკითხველისთვისაც ცხადია, რომ კამპანიების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას გამოწვევა შესაძლოა იყოს უამრავი, დაწყებული იურიდიული საკითხებიდან, დასრულებული ტექნიკური შესაძლებლობებით, რასაც მენეჯერი უნდა მოერგოს. ასევე, ხშირია პროცესში ცვლილებები, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს გარე ფაქტორებით, რისი პრევენციაც რთულია.
ბაზარი საკმაოდ კონკურენტული და დინამიურია, ამიტომაც აუცილებელია მენეჯერი მუდმივად თვალს ადევნებდეს სიახლეებს, ტრენდებს, იყოს მოქნილი და ადაპტური ცვლილებების მიმართ. ერთი რამ კი ცალსახაა, ამ როლზე მუშაობა შეუძლებელია მოგბეზრდეს, რადგან აქ ყოველი დღე განსხვავებულია და საქმე არასდროს ხდება რუტინული.