ქვემო საქსონია
Niedersachsen ქვემო საქსონია | |||
დროშა | გერბი | ||
| |||
მდებარეობა | |||
დროის სარტყელი | CET/CEST (UTC+1/+2) | ||
ადმინისტრაცია | |||
ქვეყანა | გერმანია | ||
დედაქალაქი | ჰანოვერი | ||
მინისტრ-პრეზიდენტი | დევიდ მაკალისტერი (ქდკ) | ||
სამთავრობო პარტიები | ქდკ / თდპ | ||
ხმები ბუნდესრატში | 6 (69) | ||
სტატისტიკა | |||
ფართობი | 47 624 კმ² | ||
მოსახლეობა | 7 977 000 (10/2007) | ||
- სიმჭიდროვე | 167 /კმ² | ||
სხვა ინფორმაცია | |||
მშპ/ ნომინალური | € 188 მილიარდი (2005) |
ქვემო საქსონია (გერმ. Niedersachsen) — მხარე გერმანიაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობის მიხედვით მეორე ფედერალური მხარეა გერმანიაში ბავარიის შემდეგ. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰანოვერი. შეიქმნა 1946 წელს ძველი ჰანოვერის, ბრაუნშვაიგის, ოლდენბურგის და შაუმბურგ-ლიპეს შერწყმით.
- ფართობი — 47.,3 ათასი კმ2,
- მოსახლეობა — 7.960 ათასი, პროტესტანტი 75 %, კათოლიკე 20 %
- ქალაქები (ათ.) — ჰანოვერი (515), ბრაუნშვაიგი (245), გეტინგენი (130), ოსნაბრიუკი (164), ოლდენბურგი (158), ვოლფსბურგი (122).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო საქსონიას ჩრდილოეთში ბუნებრივი საზღვარი აქვს ჩრდილოეთის ზღვისა და მდინარე ელბეს ქვემო დინების სახით. გამონაკლისია ამტ-ნოიჰაუსი, რომელიც ელბეს ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს, ასევე ჰამბურგის სამხრეთი ნაწილი. ანკლავის სახით ქვემო საქსონიის მხარეშია მოქცეული ბრემენის ფედერალური მხარე, ქალაქებით ბრემენითა და ბრემერჰაფენით. სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი კვეთს ჰარცს, ცენტრალური გერმანიის ქედს. ჩრდილო-აღმოსავლეთი და -დასავლეთი ნაწილი - ფართობის დაახლოებით ¾ ნაწილი - ეკუთვნის ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობს, ხოლო სამხრეთი ნაწილი - ქვემო საქსონიის მთიანეთს. ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს ლიუნებურგის ვაკე.
ქვემო საქსონიაში სამხრეთიდან/სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ/ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიედინება მდინარეები: ემსი, ვესერი, ალერი და ელბე.
უმაღლესი მწვერვალია ვურმბერგი (971 მ) ჰარცში. მთებისა და გორაკ-ბორცვების უმრავლესობა მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ყველაზე დაბალი წერტილი, რომელიც ზღვის დონემდე 2,5 მეტრზე მდებარეობს, სოფელ ფრეეპსუმთანაა.
ქვემო საქსონიიის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებით გამოირჩევიან ქალაქები: ჰანოვერი, ბრაუნშვაიგი, ვოლფსბურგი, ჰილდესჰაიმი და სხვა.
ქვემო საქსონიის რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო საქსონია ადმინისტრაციულად იყოფა 48 ერთეულად. აქედან 38 რაიონია, ათი თვითმმართველი ქალაქი
რაიონები: | ||
- თვითმმართველი ქალაქები
- ბრაუნშვაიგი
- დელმენჰორსტი
- ემდენი
- გეტინგენი
- ჰანოვერი
- ოლდენბურგი
- ოსნაბრიუკი
- ზალცგიტერი
- ვილჰელმსჰაფენი
- ვოლფსბურგი
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო საქსონია მოქცეულია ევროპის ზომიერ კლიმატური სარტყყლის დასავლეთი ქარების ზონაში და წარმოდგენილია გარდამავალი ჰავა დასავლეთ ევროპის ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტურ კლიმატს შორის. ამ გარდამავლობის გამო, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთში ატლანტიკური და სუბატლანტიკური კლიმატია, წლის განმავლობაში ტემპერატურის დაბალი ამპლიტუდით, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უფრო კონტინენტური ჰავით ხასიათდება, რაც იწვევს დიდ სხვაობას ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის, ასევე დაბალ და წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ნალექიანობას. სუბკონტინენტური მრავალფეროვნება ყველაზე შესამჩნევია ვენდლანდში, ვესერის მთიანეთსა და ჰელმშტედში. ჰარცში აღნიშნულია ყველაზე მაღალი ნალექიანობა. წლიური საშუალო ტემპერატურაა 8 °C (7,5 °C ალტენ-ლანში და 8,5 °C კლოპენბურგის რაიონში).
მოსაზღვრე მხარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო საქსონიის მოსაზღვრე ფედერალური მხარეებია: ბრემენი, ჰამბურგი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, მეკლენბურგ-წინა პომერანია, ბრანდენბურგი, საქსონია-ანჰალტი, თიურინგია, ჰესენი და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია. გერმანიის არცერთ სხვა მიწას არ აქვს ამდენი მოსაზღვრე მხარე.
გარდა ადმინისტრაციული საზღვრებისა, ქვემო საქსონიას გარე საზღვარიც აქვს ნიდერლანდებთან და ეკუთვნის ჩრდილოეთის ზღვის გერმანული ნაწილის სანაპირო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო საქსონიის დაარსებამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „ქვემო საქსონია“, როგორც რეგიონის სახელი, ძალიან ძველია. დღევანდელი ქვემო საქსონიის სახელი და გერბი მომდინარეობს ძველი გერმანული ტომებისგან - საქსონებისაგან, რომლებიც ხალხთა დიდი გადასახლების დროს, III საუკუნეში საკუთარი სამშობლოდან - ჰოლშტაინიდან ელბეს გავლით სამხრეთისკენ ჩამოსახლდა, იქ სადაც დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთი გერმანია მდებარეობს. დაახლოებით VII საუკუნისთვის მათ დაიკავეს საცხოვრებელი ადგილები დღევანდელ ქვემო საქსონიასა და მის მოსაზღვრე რაიონებში (საქსონია-ანჰალტისა და ვესტფალენის სასაზღვრო ტერიტორიები). საქსონურ ტომთა საცხოვრებელი ტერიტორია დაახლოებით 60 გაუდ იყოფოდა. საქსონთა გავრცელების არეალში არ შედიოდა ფრიზები.
ადგილობრივ მცხოვრებთა ენა არის ქვემო საქსონური, ერთ-ერთი სახესხვაობა ქვემო გერმანული ენისა. თავსართი ქვემო (გერმ. Nieder) უკვე შუა საუკუნეებიდან გვხვდება (ქვემო საქსონიის იმპერია) და განასხვავებს ძველ საქსონიას ახალი, „ზემო საქსონიად“ წოდებული სამთავროსაგან. დღევანდელი ქვემო საქსონიის დიდი ნაწილი საღვთო რომი იმპერიის დროს ქვემო რაინ-ვესტფალიის რაიონში შევიდა.
XVIII საუკუნეში საფუძველი ჩაეყარა კავშირს ჰანოვერსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.
დღევანდელი ქვემო საქსონიის ტერიტორიაზე არსებობდა პატარ-პატარა სამთავროები, საკუთარი დინატსიებით. ამ სამთავროების უმრავლესობას შეიცავდა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის საჰერცოგო. ყველაზე დიდხანს საკუთარი თვითმყოფადობა ავტონომიის სახით შეინარჩუნეს ჰანოვერის სამეფომ და შაუმბურგ-ლიპემ (1919 წლიდან მათ თავისუფალი მხარეების/მხარეების სტატუსი მიენიჭათ).
უახლესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ქვემო საქსონიის ტერიტორია მთლიანად ბრიტანულ ზონაში მოექცა. 1946 წლის 23 აგვისტოს მიღებული N46 დადგენილობით ყოფილი პრუსიის პროვინციის - „ჰანოვერის“ სახელწოდების მიხედვით, დღევანდელ ქვემო საქსონიას ჰანოვერის მიწა ეწოდა. ჰანოვერის მიწა შეიქმნა ბრაუნშვაიგის, ოლდენბურგისა და შაუმბერგ-ლიპეს გაერთიანებით.
1946 წლის 8 ნოემბრის N55 დადგენილებით ჰანოვერის მიწის საფუძველზე დაარსდა ქვემო საქსონიის მიწა, დედაქალაქით - ჰანოვერი. ამასთან, მოხდა გარკვეული ტერიტორიული ცვლილებებიც:
- ბრაუნშვაიგის მიწაზე ბლანკებურგის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი და ჰელმშტედტის ექსკლავი - კალფერდე მოხვდა საბჭოთა ზონაში და მოგვიანებით საქსონია-ანჰალტის მხარის ნაწილი გახდა.
- ჰანოვერის მიწაზე ამტ ნოიჰაუსი და დასახლებები - ახალი ბლეკედე და ახალი ვენდიშთუნი გადავიდა საბჭოთა ზონაში (გდრ-ში). ეს ტერიტორიები საბოლოოდ 1993 წელს დაუბრუნდა ქვემო საქსონიას.
- იმ დროინდელ ქალაქ ვესერმიუნდეს ბრემერჰაფენი ეწოდა და ახალ ფედერალურ მხარეში - ბრემენის მიწაში გაერთიანდა.
1946 წლის 9 დეკემბერს პირველად შეიკრიბა ქვემო საქსონიის ლანდესტაგი (სამხარეო პარლამენტი), რომელიც იყო არა არჩეული, არამედ ბრიტანული ადმინისტრაციისაგან დანიშნული. იმავე დღეს ადმინისტრაციამ ჰანოვერის ყოფილი გუბერნატორი, ჰინრიხ ვილჰემ კოპფი ქვემო საქსონიის პირველ პრემიერმინისტრად გამოაცხადა.
ომის შემდგომ წლებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დიდი რაოდენობით უსახლკარო ლტოლვილი, რომლებიც მთელი მხარის ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებდნენ. ქვემო საქსონია მდებარეობდა გერმანელი ხალხით დასახლებული ტერიტორიების უკიდურეს დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთით ჰქონდა გრძელი საზღვარი საბჭოთა ზონასთან, რაც უსახლკაროთა გადაადგილებას აფერხებდა. 1950 წელსაც კი 730 000 დამატებითი საცხოვრებელი სახლი იყო საჭირო.
ქვემო საქსონიის მხარეში ეკონომიკური წინსვლა განაპირობა ფოლკსვაგენ-ჯგუფის შექმნამ, რომელიც 1945 წლიდან ბრიტანელთა ზედამხედველობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებდა და 1949 წლიდან ახლად დაარსებულ აღმოსავლეთ გერმანულ სახელმწიფოსა (გფრ) და თვითონ ქვემო საქსონიის მიწაზე გაჰქონდა. თუმცა, საერთო ჯამში ქვემო საქსონია წარმოადგენდა იმდროინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკურად და სტრუქტურულად სუსტ მხარეს. 1960 წლისთვის მომუშავეთა 20% სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. სხვა გერმანულ მიწებზე კი ეს რიცხვი 14%-ს შეადგენდა. ეკონომიკისათვის ხელსაყრელ დროსაც, ქვემო საქსონიაში მცხოვრებ უმუშევართა წილი ყოველთვის მეტი იყო ფედერაციის საერთო საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
1961 წელს პრემიერმინისტრის ადგილი ჰინრიხ ვილჰემ კოპფის შემცვლელმა - გეორგ დიდერიხსმა დაიკავა. 1970 წელს იგი ალფრედ კუბელმა შეცვალა. ბირთვული ნარჩენების გორლებენში აკუმულირების გარშემო მომხდარი არეულობა, რომელიც ერნსტ ალბრეხტის პრემიერმინისტრობის დროს დაიწყო, დიდ როლს თამაშობდა როგორც ქვემო საქსონიის ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკაში 1970-იანი წლების დასრულებამდე.
1990 წელს პრემიერმინისტრი გახდა გერჰარდ შრედერი. 1993 წლის 1 ივნისს მიიღეს ქვემო საქსონიის ახალი კონსტიტუცია, რომელმაც 1951 წლის „დროებითი კონსტიტუცია“ შეცვალა. ახალი კონსტიტუცია ხალხს ნებას რთავდა თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებასა და რეფერენდუმში მონაწილეობას.
წინათ ჰანოვერის კუთვნილი ამტ-ნოიჰაუსი მაშინდელი დასახლებებით (დელინი, ჰაარი, კაარსენი, ნოიჰაუსი (ელბე), შტაპელი, ზიუკაუ, ზუმტე და ტრიპკაუ), ასევე აღმოსავლეთი ნაწილი ახალი ბლეკედესი, ახალი ვენდიშთუნი და ისტორიულად ჰანოვერის კუთვნილი ბოლდამი (გარლიცის მუნიციპალიტეტში) 1993 წლის 30 ივნისს მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარიდან ქვემო საქსონიის (ლიუნებურგის რაიონის) შემადგენლობაში გადავიდა. ამ დასახლებებისა და მუნიციპალიტეტებისაგან 1993 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა ახალი, ამტ ნოიჰაუსის მუნიციპალიტეტი.
1998 წელს გერჰარდ გლოგოვსკიმ შეცვალა გერმანიის ბუნდესკანცლერად არჩეული გერჰარდ შრედერი. მაგრამ გლოგოვსკი სხვადასხვა სკანდალების გამო მალევე გადადგა ქვემო საქსონიის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან და მისი ადგილი ზიგმარ გაბრიელმა დაიკავა. 2003 წლიდან კი ქვემო საქსონიის პრემიერმინისტრი კრისტიან ვულფია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 515.