უნგრეთის რევოლუცია (1848)
უნგრეთის 1848 წლის რევოლუცია — 1848-1849 წლების საერთოევროპული რევოლუციური ტალღის ნაწილი, უნგრეთის ომი დამოუკიდებლობისთვის. დაიწყო ავსტრიის ჰაბსბურგთა მონარქიის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლებით პეშტში 1848 წლის 15 მარტს. ჩაახშეს რუსეთის იმპერიის სამხედრო ინტერვენციის დახმარებით 1849 წლის აგვისტო-სექტემბერში.
რევოლუციის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრეთის რევოლუცია დაიწყო 1848 წლის 15 მარტს უსისხლო სახალხო აჯანყებით პეშტში. გამოსვლას სათავეში ჩაუდგნენ ახალგაზრდა ინტელექტუალები — შანდორ პეტეფი და პალ ვაშვარი. რევოლუციის მსვლელობისას სახალხო კრებებზე მიიღეს დემოკრატიული რეფორმების პროგრამა („თორმეტი მუხლი“), ხელისუფლება გადავიდა დემოკრატიულ ძალთა წარმომადგენლების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის ხელში, შეიქმნა ეროვნული გვარდია. იმპერატორი ფერდინანდ I (იგივე უნგრეთის მეფე ფერდინანდ V) იძულებული გახდა დაენიშნა „უნგრეთის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი მთავრობა“ გრაფ ლაიოშ ბატიანის მეთაურობით. მთავრობაში შევიდნენ მსხვილ მიწათმფლობელთა, საშუალო აზნაურთა და დემოკრატთა წარმომადგენლები.
1848 წლის 18 მარტს სახელმწიფო კრებამ გაატარა მთელი რიგი რეფორმებისა (ე. წ. მარტის კანონები — ბატონყმობის, საბატონო ბეგარის, ფულადი გადასახადების გაუქმება და სხვ.). ბატიანის მთავრობის მერყევმა პოზიციამ აგრარულ და ეროვნულ, ასევე თავდაცვის ორგანიზაციის საკითხებში საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ბატიანის მთავრობის მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ კონსერვატული ძალები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მიწის რეფორმით; ცენტრალისტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჰაბსბურგთა ერთიანი მონარქიის შენარჩუნებას უნგრეთის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით; არაუნგრული ეთნოსების (სერბების, ხორვატების, რუმინელების) წარმომადგენლები.
ომი დამოუკიდებლობისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაბსბურგების მთავრობამ გამოიყენა ხორვატიის ელიტების მისწრაფება სამხედრო ძალით განეხორციელებინათ თავიანთი ეროვნულ-პოლიტიკური პროგრამა და მხარი დაუჭირა ხორვატიის ბანს (მმართველს) იოსიპ ელაჩიჩს, რომელმაც უარი თქვა უნგრეთის მთავრობის აღიარებაზე და 1848 წლის 11 სექტემბერს თავისი არმიით უნგრეთში შეიჭრა. 21 სექტემბერს უნგრეთში შეიქმნა სამშობლოს დაცვის კომიტეტი ლაიოშ კოშუტის მეთაურობით. 29 სექტემბერს ელაჩიჩის არმია დამარცხდა პაკოზდთან ბრძოლაში. მალე ბატიანის მთავრობა გადადგა, ხოლო ოქტომბერში სახელმწიფოს მმართველად აირჩიეს ლაიოშ კოშუტი, რომელიც ავსტრიისგან სრული დამოუკიდებლობის მომხრე იყო. დაპირისპირება ჰაბსბურგთა მთავრობასა და უნგრეთის ხელისუფლებას შორის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის სახე მიიღო.
ჰაბსბურგებმა ვენაში მომხდარი ოქტომბერის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, თავისი მთავარი ძალები დაძრეს უნგრეთის წინააღმდეგ. 1849 წლის 5 იანვარს ავსტრიის ჯარებმა დაიკავეს პეშტი. უნგრეთის ტერიტორიაზე გაჩაღდა პარტიზანული ბრძოლა. უნგრეთის მხარეს იბრძოდა ბევრი პოლონელი მოხალისე (ი. ბემი, ჰ. დემბინსკი და სხვ.). 1849 წლის აპრილში უნგრელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს იმპერატორის ჯარები და გაათავისუფლეს უნგრეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1849 წლის 14 აპრილს უნგრეთის სახელმწიფო კრებამ მიიღო „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რომლითაც უქმდებოდა ჰაბსბურგთა ხელისუფლება უნგრეთში.
1849 წლის 21 აპრილს იმპერატორმა ფრანც-იოზეფმა თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს უნგრეთის წინააღმდეგ დახმარების შესახებ. 1849 წლის მაისში რუსეთის არმიამ დაიწყო ინტერვენცია უნგრეთში. ორი იმპერიის არმიების წინააღმდეგ უნგრელებს ძალები აღარ ეყოთ. 1849 წლის 12 აგვისტოს კოშუტი ოსმალეთში გაიქცა, მომდევნო დღეს კი ვილაგოშთან (ახლანდ. შირია, რუმინეთი) უნგრეთის ჯარების ძირითადი ძალები გენერალ არტურ გერგეის მეთაურობით იძულებული გახდნენ დანებებოდნენ რუსეთის ჯარების მთავარსარდალს ივანე პასკევიჩს. რამდენიმე კვირის შემდეგ რევოლუცია საბოლოოდ ჩაახშეს. ავსტრიის ჯარების სარდალი გენერალი ფონ ჰაინაუ სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულების ხელმძღვანელებს: 6 ოქტომბერს არადში სიკვდილით დასაჯეს 13 უნგრელი გენერალი, ხოლო პეშტში — უნგრეთის მთავრობის ყოფილი მეთაური ლაიოშ ბატიანი.
უნგრეთში კვლავ დამყარდა აბსოლუტისტური რეჟიმი, რომელიც ვენიდან დანიშნული ბიუროკრატიის მიერ იმართებოდა. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, ეს მდგომარეობა უნგრეთში შენარჩუნდა 1859 წლამდე, როდესაც იტალიაში განცდილი მარცხის ფრანც-იოზეფი იძულებული გახდა თავისი პოლიტიკის შეცვლაზე ეფიქრა. დამარცხების მიუხედავად, 1848-1849 წლის რევოლუციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა უნგრელების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე და ჰაბსბურგთა მონარქიის მიმართ დამოკიდებულებაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიდამონიძე გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 157.
- Bona, Gábor, The Hungarian Revolution and War of Independence, 1848-1849: A Military History, 1999.
- Gángó, Gábor. "1848–1849 in Hungary," Hungarian Studies, 2001 (15), №1: 39–47.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მარტის კანონები“ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ლაიოშ კოშუტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)