შინაარსზე გადასვლა

ტერაკოტის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერაკოტის ჯარისკაცების გათხრების ადგილი

ტერაკოტის არმია — გამომწვარი თიხის, ტერაკოტისაგან დამზადებული ბუნებრივი მასშტაბის ჯარისკაცების და მათი ცხენების 8099 ცალი ქანდაკება ქალაქ სიანის მახლობლად, ჩინეთში. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს 1974 წელს, შემთხვევით, ჭის გათხრისას. ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძვ. წ. 210 წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოსი სიმა ციანის (ჩინური ისტორიოგრაფიის მამამთავარი. ძვ.წ. 145-90 წწ.) მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). თავის ყველაზე განთქმულ ნაშრომში "შიჯი" ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.

მიუხედავად არქიტექტურული კომპლექსის ეფექტურობისა, სამარხი კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ტერაკოტისაგან გაკეთებული არმია წარმოადგენს, რომელმაც აღმოჩენისთანავე ფართოდ გაითქვა სახელი. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის თხრის დროს. არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრებისა და ცხენების დაახლ. 6 000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20 000 კვ/მ-ს მოიცავდა და 8 000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთ დასაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის კამაროვანი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მ-ის სიგრძის, 72 მ-ის სიგანისა და 22 მ-ის სიმაღლისაა. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1 000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები სათითაოდ გაწმენდის პროცესშია. სამარხს ბოლომდე არ ხსნიან, რათა ფიგურები საიმედოდ იყვნენ დაცულნი მანამდე, სანამ მათი გაწმენდის დრო არ მოვა, რადგანაც მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწიდან ამოღების შემდეგ ზოგიერთი ფიგურის შეღებილი ზედაპირი ნელ-ნელა გახუნდა და გაფუჭდა. მნახველთათვის გახსნილია მთელი სივრცის მხოლოდ ერთი ნაწილი, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაც კი აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს (მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ს) მისცეს ნება გაევლო თავად ქანდაკებებს შორის და ახლოდან დაეთვალიერებინა ისინი.

არმია მართკუთხედის ფორმით არის განლაგებული და ყველა მეომარი აღმოსავლეთისაკენ იმზირება. წინა სამ რიგში განლაგებულია 210 მეომარი, რომლებიც წინა ხაზს ქმნიან. მათ მოსდევენ მარშით მომავალი ჯარისკაცები და საბრძოლო ეტლში შებმული ცხენები. არმიის გვერდებსა და უკანა მხარეს განლაგებულია მეომართა რიგები, რომლებიც, შესაბამისად, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით არიან მიმართულნი ჯარის გვერდებიდან და უკნიდან დასაცავად.

ადამიანებისა და ცხენების ტერაკოტის ქანდაკებები ნატურალური ზომისაა და პროპორციები მკაცრად არის დაცული, რაც ქანდაკების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს ცინის დინასტიის პერიოდში. მეომართა პოზები საკმაოდ სტატიკურია. სხვადასხვა ჩინის მეომრისათვის სხვადასხვა პოზაა დამახასიათებელი: რიგითი ჯარისკაცები (ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ) წარმოდგენილნი არიან ფეხზე მდგარნი. მათი ცალი ხელი სხეულის გასწვრივაა ჩამოშვებული, მეორე კი წელზე შემორტყმულ ხმალზე აქვთ მოკიდებული. მათგან განსხვავებით, ოფიცრებს მეორე ხელიც იდაყვში აქვთ მოხრილი, ხოლო გენერლები ორივე ხელით ძირს დაბჯენილ ხმალს ეყრდნობიან. გვხვდება, ასევე, მშვილდოსნების ქანდაკებებიც, რომელთა ერთი ნაწილი ფეხზე მდგარია, მოერე კი - ცალ მუხლზე დაჩოქილი ისვრის ისარს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხეულის პროპორციები და ანატომიური აგებულების თავისებურებები სკულპტურებში აბსოლუტურად სწორადაა გადმოცემული, მათში არ ჩანს სხეულის ფიზიკური სტრუქტურის გადმოცემის უმცირესი ნიშანიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის გარეგნული სილამაზის ჩვენებაზე. სამაგიეროდ, იგრძნობა მისწრაფება ფიგურების ინდივიდუალიზაციისაკენ, რაც ჩანს ტანსაცმლის დეტალების ვარირებაში, მეომრების ხელების ფორმათა განსხვავებულობასა და ფრჩხილების სხვადასხვა ფორმაშიც კი. სულ ადვილად გაირჩევა არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული მეომრის ნატიფი და მოვლილი ხელი გლეხის მუშაობით გაუხეშებული ხელებისაგან.

ადამიანთა ფიგურები მთლიანად არ არის ხელით ნამუშევარი, ისინი შედგენილია - თავები მზადდებოდა ცალკე, რაც აადვილებდა ამ გრანდიოზული ამოცანის განხორციელებას. მეომართა სახეები და მთლიანად თავები განსაკუთრებული სინატიფითა და ოსტატობითაა შესრულებული. თუ მათ არაფერი არ ახურავთ, მაშინ უმცირესი დეტალების გათვალისწინებითაა შესრულებული თმის ვარცხნილობაც კი. მეომართა სახეები, როგორც ჩანს, მთლიანად შეღებილი იყო (საღებავის ნარჩენები შემონახულია ზოგიერთ მათგანზე). გადმოცემულია ფიგურათა არა მარტო გარეგნული თვისებები, არამედ, ნაწილობრივ, სულიერი მდგომარეობაც. ასე, მაგალითად, გენერლის სახეს ეტყობა, რომ იგი დაბრძენებულია ცხოვრებისეული გამოცდილებით და საკუთარი პასუხისმგებლობის სიმძიმეს ბოლომდე აცნობიერებს. მისი სახე ღრმად არის ჩაფიქრებული, შუბლი ნაოჭებით აქვს დაღარული. მისგან განსხვავებულია ჭაბუკი ახალწვეულის ლაღი გამომეტყველება, რომლიდანაც გამოსჭვივის დიდებული მბრძანებლის ძლევამოსილ ლაშქარში მოხვედრისგან გამოწვეული სიამაყე და ოცნება მომავალ საგმირო საქმეებსა და ჯილდოებზე. განსხვავებული სახით წარმოგვიდგება ვეტერანი მეომარი: ის მზადაა ნებისმიერი გამოცდისათვის, თუმცა მაინც დაღლილია დაძაბული ცხოვრებით და დასვენება და სიმშვიდე ესაჭიროება.

სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქანდაკებებში ვარირებს პორტრეტული გამოსახულების, სულ რაღაც, ათი ძირითადი ტიპი. ყველაზე სავარაუდოა, რომ მეომართა თავები განცალკევებულად კი არ იძერწებოდა, არამედ საერთო შაბლონის მიხედვით და შემდგომ ეძლეოდა სხვადასხვა ინდივიდუალური ნიშანი.

უმთავრესი, რაც უნდა ითქვას ამ ჯარზე, ისაა, რომ, ერთი შეხედვით მრგვალი ქანდაკება, სინამდვილეში პრინციპულად სხვაგვარი მხატვრული ჩანაფიქრის ნაწილია. ეს ფიგურები შემოვლაზე კი არ არის გათვლილი, არამედ მხოლოდ მწყობრში მდგომი ჯარის სახით არსებობს და ასე ზემოქმედებს ჩვენზე (რამდენადაც არ უნდა აღგვაფრთოვანონ ცალკეულმა ფიგურებმა). გარდა იმპერატორის თვითგანდიდების ცხადი სურვილისა, აშკარაა, რომ ეს, მთავრის სამარხში მისი მსახურების ცოცხლად ჩაყოლების უძველესი ტრადიციის, ასე ვთქვათ, ჰუმანიზირებული გაგრძელებაა.

ცხენების ფიგურებიც რეალისტურობითა და ცხოველის გარეგნობის დეტალების გადმოცემის სიზუსტით გამოირჩევიან: გადმოცემულია განსაკუთრებულად შეკრეჭილი ფაფარი, დაწნული და ბოლოში გაკვანძული ძუა, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღკაზმულობის მთელი კომპლექტიც. ცხენების ყურები შემართულია, თვალები - ფართო, პირი - ღია. მათი სიმაღლე 1,5 მეტრია, თავი საშუალო ზომისაა, ფეხები - შედარებით მოკლე.

სამარხი, ასევე, გამორჩევა საბრძოლო იარაღების სიმდიდრით. მეომარი სამეფოების პერიოდში (ძვ.წ. 475-221 წწ.) ერთმანეთს 7 სამეფო ებრძოდა და მათ მმართველებს შორის შეჯიბრებამ იარაღის გაუმჯობესებასა და დახვეწას შეუწყო ხელი. ცინის დინასტიის დამკვიდრების პერიოდისათვის იარაღი უკვე ძალიან განვითარებული იყო. სამარხში აღმოჩენილ თითოეულ მეომარს ბრინჯაოს ნამდვილი იარაღი ეჭირა ხელში. ისინი ძირითადად სამი ტიპის იყო: მშვილდ-ისრები, გრძელი და მოკლე შუბები. რაც ყველაზე საოცარია, იარაღი ჯერ კიდევ ბასრი და მბზინვარე იყო. ისინი 2 000 წლის განმავლობაში მიწაში ყოფნის შემდეგაც კი არ დაჟანგულა (იმათ გარდა, რომლებიც დაჭეჭყილი და დაზიანებული იყო). მიწისგან გაწმენდის შემდეგ იარაღები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს, ეს-ესაა სახელოსნოდან მოიტანესო. იარაღები სპილენძის, კალისა და ტყვიის შენადნობისგანაა დამზადებული, ოღონდ განსხვავებულ სახეობებში მათი პროცენტული წილი სხავდასხვაგვარია. ცინის დინასტიის პერიოდში მეტალურგია განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე იდგა. მაგალითად, სამეცნიერო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იარაღს წასმული ჰქონდა მარილის სპეციალური ხსნარი, რომელიც იცავდა ლითონს დაჟანგვისაგან.

ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი იმპერიის ძლიერების გამოხატულება იყო და მისი აგებით ჩინეთის პირველმა იმპერატორმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაშიც. ტერაკოტის არმია აღმოჩენის მომენტიდან ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა და ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ ტურისტთა რაოდენობა ერთიორად გაზარდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 441
ინგლ.რუს.ფრ.