შინაარსზე გადასვლა

პლინიუს უმცროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლინიუს უმცროსი
დაბადების თარიღი 61
დაბადების ადგილი კომო
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 113 და არაუგვიანეს 114
გარდაცვალების ადგილი ბითინია
საქმიანობა მწერალი[1] [2] [3] , პოლიტიკოსი, პოეტი, ადვოკატი, ისტორიკოსი, სამხედრო, official[2] , იურისტი[4] და საჯარო მოსამსახურე[4]
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
Magnum opus Epistulae by Pliny the Younger
მეუღლე stepdaughter of Veccius Proculus, პომპეა ცელერინა და კალპურია
ნათესავ(ებ)ი პლინიუს უფროსი

გაიუს პლინიუს კეცილიუს სეკუნდოსი (ლათ. Gaius Plinius Caecilius Secundus; დ. დაახლ. 61 — გ. დაახლ. 113) — რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (Novum Comum), ჩრდილოეთ იტალიაში. მისი მშობლები იყვნენ ლუციუს კეცილიუსი და პლინია. პლინია იყო პლინიუს უფროსის, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის და ენციკლოპედიური ნაშრომის "ბუნების ისტორიის" ავტორის და. პლინიუსმა მამა ადრე დაკარგა და იგი ბიძამ იშვილა, რის შემდეგაც ბიძის სახელი მიიღო. ისტორიაში ბიძა შევიდა როგორც პლინიუს უფროსი, ხოლო დის შვილი პლინიუს უმცროსად.

ახალგაზრდა პლინიუსმა შესანიშნავი განათლება მიიღო, მისი აღმზრდელი იყო ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე ლუციუს ვერგინიუს რუფუსი, მოგვიანებით კი იგი სწავლობდა რიტორიკას იმ დროის საუკეთესო სპეციალისტებთან, კვინტილიანუსთან და ნიკეტა საკერდოსთან. 15 წლის ასაკსი იგი უკვე წერდა დრამებს, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია. პლინიუსი 17 წლის იყო როდესაც მისი ბიძა დაიღუპა ვეზუვის ამოფრქვევისას. უმცროსმა პლინიუსი კი ნეაპოლის ყურეში მდებარე ვილიდან ადევნებდა ამ ამოფრქვევას და დეტალურად აღწერა იგი.

ბიძის გარდაცვალების შემდეგ პლინიუსმა მემკვიდრეობით მიიღო მთელი მისი ქონება და უკვე უნდა დაეწყო საჯარო სამსახური. მისი კარიერა დაიწყო 81 წელს ადვოკატობით ცენტუმვირულ სასამართლოში. მან კარგად გამოიჩინა თავი, 82 წელს იგი სამხედრო ტრიბუნად დანიშნეს სირიაში, 83 წელს მხედრების უფროსი კახდა, 89 წელს კვესტორი, 92 წელს პრეტორი, ხოლო 94 წელს სამხედრო ხაზინის პრეფექტი. 80-ების ბოლოს იგი სენატორიც გახდა. მისი კარიერული ზრდა იმპერატორ დომიციანეს პერიოდში მოხდა, რომელიც მმართველობის ბოლო წლებში ნამდვილი ტირანი გახდა. პლინიუსი სრულიად შემთხვევით გადაურჩა დასმენისგან სიკვდილს.

იმპერატორ ნერვას დროს იგი სატურნის ხაზინის უფროსად დაინიშნა, ხოლო ტრაიანემ იგი ძალიან დაიახლოვა, ჩვენამდე მათმა მიმოწერამ მოაღწია. 100 წელს პლინიუსი კონსული გახდა, 103-ში კი ავგურთა კოლეგიაში აირჩიეს. ასევე ტიბრის მეთვალყურის პოსტიც ეკავა. 110 წელს კი იმპერატორმა იგი დანიშნა ვიფინიაში და პონტოს სამეფოში ლეგატათ.

პლინიუსი სამჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ცოლი მან 18 წლის ასაკში მოიყვანა, მეორეჯერ პომპეა ცელერინა მოიყვანა, უკანასკნელი ცოლი კი კალპურია იყო. არცერთ ცოლთან მას შვილები არ შეეძინა.

პლინიუსი მეგობრობდა თავისი დროის ისეთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან როგორებიც იყვნენ ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი და მწერალი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, ამ უკანასკნელს იგი მფარველობდა კიდეც.

პლინიუსის სიკვდილის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, 113 წლის შემდეგ მის შესახებ არაფერი აღარ არის ცნობილი, ამიტომ ვარაუდობენ რომ იგი ამ დროს გარდაიცვალა.

პირველი ლიტერატურული ცდების ჩატარება პლინიუსმა 14 წლის ასაკში დაიწყო. მან ბერძნულ ენაზე დაწერა ტრაგედია. იგი ასევე პოეზიითაც იყო გატაცებული და ლექსებს წერდა, თუმცა ჩვენამდე მისმა ლექსებმა ვერ მოაღწია.

პლინიუსი ითვლება ეპისტოლარული ჟანრის ფუძემდებლად. 97 - 109 წლებში მან გამოსცა თავისი წერილების კრებული 9 წიგნად. წერილები სხვადასხვა პირებისთვის არის განკუთვნილი და მათში ასევე სხვადასხვა საკითხებზეა მსჯელობა, პოლიტიკაზე, პოეზიაზე და ყოველდღიურ საწირბოროტო თემებზე. ეს არის მისი ერთადერთი, ჩვენამდე სრულად შემონახული ნაშრომი. ამ ეპისტოლეებში შესანიშნავად აისახება I საუკუნის მიწურულის იმპერიის ცხოვრება. ეს წერილები ასევე გვაწვდიან ფასეულ ინფორმაციას დომიციანეს მმართველობის უკანასკნელი წლების შესახებ.

ვეზუვის ამოფრქვევის შესახებ იგი წერს ტაციტს, ამ წერილებში მან პირველმა აღწერა დაწვრილებით ამოფრქვევის მიმდინარეობა და მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი. მის პატივსაცემად ასეთი სიზლიერის ამოფრქვევას, რომელიც 79 წელს მოხდა პლინიუსის ამოფრქვევა ეწოდა.

იმავე წერილებშია აღწერილი პლინიუსის ორი ვილა "ტრაგედია" და "კომედია" ამჟამად იტალიელი მეცნიერები ცდილობენ მონათხრობების საფუძველზე აღადგინონ ეს ვილები. ეს წერილები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი იძლევიან ანტიკური ვილების და ბაღების მოწყობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას, უფრო მეტიც ეს არის ბაღების მოწყობის უძველესი აღწერა.

ამავე წერილების მეშვეობით ჩვენამდე მოაღწია გაიუს სვეტონიუს ტრანკვილის ბიოგრაფიის მწირი ცნობების უმეტესობამ.

წერილების მეათე წიგნი უკვე პლინიუსის სიკვდლის შემდეგ გამოვიდა. ამ წიგშნი არის მისი და იმპერატორი ტრაიანეს მიმოწერა, როდესაც პლინიუსი ვიფინიაში იყო ლეგატი. ამ წერილებში გვხვდება ქრისტიანთა დევნის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ხსენებაა. როგორც ავღნიშნეთ ეს წიგნი სავარაუდოდ პლინიუსის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და სვეტონიუსი, როგორც მისი მეგობარი, მიიჩნევა მის რედაქტორად.

ორატორული ხელოვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლინიუსი შესანიშნავი ორატორი იყო. თავის წერილებში იგი არაერთგან განიხილავს ორატორული ხელოვნების საკითხებს. პლინიუსი ძალიან დიდ პატივს სცემდა ციცერონს და ბევრს ნაწარმოებში მის სტილსაც ბაძავდა. მის მიერ სასამართლოებში წარმოთქმული სიტყვები პოპულარობით სარგებლობდა და გამოიცემოდა კიდეც. მას ასევე ეკუთვნის საქები სიტყვა "Panegyricus Trajani", რომელიც მან კონსულად დანიშვნის შემდეგ წარმოთქვა სენატის წინაშე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: