შინაარსზე გადასვლა

პელევსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პელევსის და თეტისის ქორწილი (მხატ. ჰანს როტენჰამერი)

პელევსი (ბერძ. Πηλεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[1] ეაკისა და ენდეიდას შვილი, ტელამონისა და ფოკისის ძმა. არაერთხელაა ნახსენებია „ილიადაში“ და „ოდისეაში“.

სახელოვან ეაკოსს (რომელიც გარდაცვალების შემდეგ ჰადესის ერთ-ერთი მსაჯული იყო) პელევსი და ტელამონი ენდეისისგან ჰყავდა, უმცროსი ვაჟი ფოკისი კი – ნერეიდა ფსამატესაგან. მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ კუნძულ ეგინაზე.

ფოკისი ათლეტურ ასპარეზობებზე სჯაბნიდა უფროს ძმებს, რითაც მათი რისხვა დაიმსახურა. პელევსსა და ტელამონს ისე შურდათ მისი, რომ მოკლეს კიდეც და როდესაც ეაკოსი ჩაწვდა სიმართლეს, ძმებმა თავს გაქცევით უშველეს.

პელევსი ფთიის მეფე აქტორმა შეიფარა, ცოდვათაგან განწმინდა, თავისი ქალიშვილი, პოლიმელა, ცოლად შერთო და სამეფოს მესამედიც უანდერძა. როდესაც კალიდონში საქვეყნოდ ცნობილი ნადირობა მოეწყო (კალიდონის ნადირობა), პელევსს შემთხვევით შემოაკვდა თავისი ცოლისძმა და იძულებული გახდა იოლკოსში გაქცეულიყო, სადაც თავისი მეგობარი, მეფისწული აკასტოსი ეგულებოდა. აქ კვლავ ახალი უბედურება დატრიალდა: აკასტოსის ცოლს შეუყვარდა პელევსი და მისი მოხიბვლა მოიწადინა. ხოლო როდესაც ვერაფერს გახდა, პოლიმელასთან იცრუა: პელევსი გღალატობს და ჩემს ასულს ირთავს ცოლადო. სასოწარკვეთილმა პოლიმელამ თავი ჩამოიხრჩო. ვერაგმა ქალმა ახლა ქმარი დაარწმუნა იმაში, რომ თითქოს პელევსს მისი შეცდენა სურდა. განრისხდა აკასტოსი, მაგრამ თავად ვერ მოკლა სტუმრად მოსული მეგობარი. ველური კენტავრებით დასახლებულ პელიონის მთაზე გაიწვია სანადიროდ, მიძინებულს იარაღი აჰყარა და მიატოვა. კენტავრთა შორის იყო ბრძენი ქირონი, რომლის შემწეობითაც გადარჩა პელიასი. მან დაარბია იოლკოსი, ხოლო აკასტოსი და მისი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა. მითოგრაფოსები გვარწმუნებენ, რომ ეს მან დიოსკურთა და იასონის თანადგომით ჩაიდინაო.

ძველ საბერძნეთში აღმატებულად მოსწონდათ მითი პელევსისა და თეტისის ქორწინებაზე (თეტისი). ამ მშვენიერ ნერეიდას, თემისის რჩევით, შერთო ზევსმა მოკვდავი პელევსი. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც აქილევსი შეარქვეს და რომელიც ეპიროსის მეფეთა მამამთავარი გახდა. მალე თეტისმა მიატოვა პელევსი, რომელმაც თავისი მცირეწლოვანი ძე ბრძენ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად. დიდხანს იცოცხლა პელევსმა. მონაწილეობა მიიღო არგონავტების ლაშქრობაში, იგი ჰერაკლესთან ერთად იბრძოდა ტროაში, ტროას ომის დასრულებასაც მოესწრო და ღრმად მოხუცი გარდაიცვალა კუნძულ კოსზე. ასე ამბობენ, პელევსი ფთიადან განდევნესო აკასტოსის ჩამომავლებმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://en.wikipedia.org/wiki/Peleus

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/პელევსი

  1. Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.2. С.297; Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 8, 2 далее
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: