მკვლელი ბაღლინჯოები (ლათ.Reduviidae) — ბაღლინჯოებისოჯახი. სხეულის სიგრძე 3-დან 30 მმ-მდეა (ჩვეულებრივ 10–20 მმ). შეფერილობა მუქი ან მურაა, ზოგჯერ კაშკაშა. ხორთუმი მოკლე, სქელი და ძლიერ მოხრილია. აქვთ შედარებით გრძელი ფეხები, თუმცა ნელა გადაადგილდებიან. ცნობილია 6000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში; უპირატესად ტროპიკებში. ცხოვრობენ ხეებსა და ბუჩქებზე, ნიადაგში, ქვების ქვეშ, ცხოველთა ბუდეებსა და სოროებში, ადამიანის ნაგებობებში. უმრავლესობა მტაცებელია, იკვებებიან მწერებით (კლავენ ხორთუმის ჩხვლეტით და ამოსწოვენ). დიდი ზომის სახეობათა ნაკბენი ადამიანისათვის მტკივნეულია. Triatominae-ის ქვეოჯახის ამერიკული სახეობები, რომლებიც აღწევენ აშშ-ის ჩრდილოეთიდან ცენტრალურ შტატებამდე, თავისუფლად მცხოვრები სისხლისმწოველა ცხოველები არიან, გადააქვთ შაგასის დაავადება. სახლის მკვლელი ბაღლინჯო (Ploiaria domestica), რომელიც გარეგნულად ობობას ჰგავს, და ჭუჭყიანი, იგივე მორთული მკვლელი ბაღლინჯო (Reduvius personatus), 16–19 მმ სიგრძის მუქი ყავისფერი მწერი, ადამიანის სამოსახლოსა და სხვა ნაგებობების ტიპური მაცხოვრებლები არიან; ანადგურებენ ბუზებსა და სხვა მწერებს.[1][2]