მერი რობინსონი
მერი რობინსონი | |
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2013 წელს | |
ირლანდიის მე-7 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი 1990 – 12 სექტემბერი 1997 | |
წინამორბედი | პატრიკ ჰილერი |
მემკვიდრე | მერი მაკელისი |
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 სექტემბერი, 1997 – 12 სექტემბერი, 2002 | |
წინამორბედი | ხოსე აიალა ლასო |
მემკვიდრე | სერხიო ვიეირა დე მელო |
დაბადებული | 21 მაისი 1944 ბალინა, ირლანდია |
პოლიტიკური პარტია | ლეიბორისტული პარტია (1977-1981 წწ.) |
რელიგია | კათოლიკე |
მერი რობინსონი (დ. 21 მაისი 1944, ქალაქი ბალინა, ირლანდია) — ირლანდიისა და გაეროს პოლიტიკური მოღვაწე. ირლანდიის მეშვიდე და პირველი ქალი-პრეზიდენტი (1990-1997 წწ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1944 წელს პროფესიონალი ექიმების, სარწმუნოებით კათოლიკეების ოჯახში. განათლება მიიღო დუბლინისა და პარიზის კერძო კოლეჯებში, სადაც ეუფლებოდა იურისპრუდენციას და 1967 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც 1968 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციებში, გამოდიოდა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ა. შ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო კერძო საადვოკატო პრაქტიკა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს აირჩიეს რესპუბლიკის სენატში. სენატში მუშაობისას ქალბატონი რობინსონი მუშაობდა სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტში: სოციალურ საკითხთა (1977-1987 წწ.), კანონიერების საკითხთა (1987-1989 წწ.) და სხვ. 1977 წელს შევიდა ლეიბორისტულ პარტიაში, რომელიც იყო მესამე ძალა ირლანდიის პოლიტიკაში, თუმცა არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლების სათავეში. რობინსონმა სწორედ ამ პარტიის სიით სცადა მოხვედრა პარლამენტის ქვედა პალატაში 1977 და 1981 წელს, მაგრამ უშედეგოდ. 1988 წელს ჩამოაყალიბა ევროპის უფლებათა ირლანდიური ცენტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე. 1989 წელს უარი განაცხადა სენატორობაზე დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა და ხელი მიჰყო კერძო იურიდიულ პრაქტიკას, თუმცა დიკ სპრინგმა, რომელიც იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1982 წლიდან და ოპოზიციაში ედგა „ფიანა ფაილის“ მთავრობას შესთავაზა კენჭი ეყარა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მეტოქეობას უწევდნენ „ფიანა ფაილის“ პარტიის კანდიდატი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაიან ლენიანი და „ფაინა გელის“ პარტიის კანდიდატი ოსტინ კურიე, მიიღო ხმების 52,8 % და 7 წლით ჩაიბარა ირლანდიის პრეზიდენტის თანამდებობა.
საერთაშორისო აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა იმისა, რომ მერი რობინსონი ხელმძღვანელობდა ქვეყანას იგი აქტიურ როლს ასრულებდა საერთაშორისო პოლიტიკაშიც. იგი იყო პირველი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც 1992 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომალიში, როცა ეს ქვეყანა იმყოფებოდა მასობრივ შიმშილობაში და მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ასევე გაემგზავრა რუანდაში 1994 წლის გაზაფხულზე მომხდარი გენოციდის შემდეგ და იუგოსლავიაში, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა ომის დამნაშავეები.
ადამიანის უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო 1997 წლის 12 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მერი რობინსონი სამუშაოდ გადაიყვანა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში, უმაღლეს კომისრად. ამ თანამდებობაზე დარჩა 2002 წლის 12 სექტემბრამდე.
თავისი მოღვაწეობა უმაღლესმა კომისარმა აქტიურად დაიწყო. მკვეთრი გამოსვლებით იგი იწვევდა რამდენიმე ძლიერი ქვეყნის გაღიზიანებას: რუსეთს აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ომში ჩადენილი დანაშაულებისათვის; ჩინეთს თავისი მოქალაქეების უფლებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, განსაკუთრებით უიღურების იძულებითი ასიმილაციისათვის ქსინხიანგში. ჩინეთს ასევე აღიზიანებდა მერი რობინსონის მოღვაწეობა ტიბეტის საკითხებშიც; აშშ-ს აკრიტიკებდა 1999 წელს სერბეთის დაბომბისათვის; 2001 წელს გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პალესტინის ტერიტორიის დაკავებისათვის, მაგრამ ამასთანავე კიცხავდა პალესტინელთა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის წინააღმდეგ; მოითხოვდა თალიბანის რეჟიმის წინააღმდეგ და ალ-ქაიდას ორგანიზაციებზე თავდასხმების შეწყვეტას; აქტიურად იღვწოდა გუანტანამოს ბაზაზე მყოფი ტყვეების უფლებათა დასაცავად;
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი რობინსონი მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია: უილიამ ფულბრიხტის პრემია სომალიში შიმშილისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის (1999 წ.); ევროკომისიის ერასმუსის პრემია (1999 წ.); ფელიქს უფუე-ბუანის სახელობის იუნესკოს პრემია მშვიდობისათვის (2001 წ.); ინდირა განდის სახელობის პრემია მშვიდობისათვის (2001 წ.); ადამიანის უფლებათა დარგში სამსახურისათვის (2002 წ.); სიდნეის პრემია მშვიდობის ხელშეწყობისათვის (2002 წ.)
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს მერი რობინსონი გათხოვდა თავისსავე კოლეგაზე, პროტესტანტ ნიკ რობინსონზე. ჰყავს 3 ბიჭი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Realizing Rights was founded in October 2002 by Mary Robinson დაარქივებული 2016-05-08 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: პატრიკ ჰილერი |
ირლანდიის პრეზიდენტი 1990 – 1997 |
შემდეგი: მერი მაკელისი |
|