მარციპანი
მარციპანი (Marzipan) - გახეხილი ნუშისაგან, ნიგვზისაგან ან გარგარის გულისაგან მომზადებული ცომისებური მასა; იყენებენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის (კანფეტის, ნამცხვრის, ტორტის) გასაკეთებლად[1]. ხშირად, მის დასამზადებლად ასევე იყენებენ თაფლს.
მისგან ძირითადად ტკბილ დესერტებს ამზადებენ. გავრცელებულია შოკოლადით დაფარული მარციპანი და მარციპანი ხილისა და ბოსტნეულის ფორმით. შესაძლებელია მისი გამოყენება ორცხობილაში, ასევე, მარციპანის ძალიან თხელი ფენით ფარავენ ნამცხვრებს/ტორტებს, განსაკუთრებით, დაბადების დღის, საქორწილო და საშობაო ტორტებს. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, დიდი ზომის ხილის ნამცხვრებზე. ზოგიერთ ქვეყანაში საშობაო ტრადიციაა მარციპანისთვის ცხოველების ფორმის მიცემა. მარციპანი ასევე გამოიყენება ტორტელის ნამცხვარში, რომელიც მზადდება ქრისტიანული მარხვის დასრულებისას, დასავლეთ ქრისტიანულ თემებში. ტრადიციული შვედური პრინცესას ტორტი, როგორც წესი, დაფარულია მწვანე ან ვარდისფერი მარციპანის ფენით.[2]
მსოფლიოს გარშემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში ის ტრადიციული საშობაო დესერტია (mazapán), თუმცა ტოლედოში, სადაც ამ პროდუქტის პირველი წერილობითი ხსენება 1512 წლით თარიღდება, მას მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ. იტალიაში, განსაკუთრებით პალერმოში, მარციპანს ('marzapane') საკვები საღებავებით ღებავენ და ფორმას აძლევენ, რომ ხილის მსგავსი გახდეს. მას უწოდებენ Frutta martorana-ს და განსაკუთრებით საშობაო სეზონზე და სულების დღეზე (2 ნოემბერი) მიირთმევენ. 9-10 მაისი განსაკუთრებული დღეა სიცილიაში მარციპანის ჭამისთვის[3]. პორტუგალიაში, მას ტრადიციულად ამზადებდნენ მონაზვნები, მარციპანი (maçapão) ალგარვის რეგიონში ძალიან გავრცელებული ტკბილეულია.[4] არსებობს სხვა რეგიონები, მაგალითად ტოლედო, სადაც მარციპანი ('mazapán') შიგნიდან ივსება კვერცხის გულით და შაქრით. საბერძნეთში და კვიპროსში მარციპანს თითქმის არასდროს არ ღებავენ. განსაკუთრებით ეგეოსის კუნძულებზე, თეთრი მარციპანი ითვლება საქორწილო ტკბილეულად. მალტაში მარციპანისგან ფიგოლას ამზადებენ.
დასავლეთ და ცენტრალური ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიდერლანდებსა და ბელგიაში მარციპანის ფიგურები გაიცემა, როგორც წმინდა ნიკოლოზის საჩუქარი. გერმანიაში ხშირად მარციპანს პურის ფორმას აძლევენ - Marzipanbrot, შობაზე კი კარტოფილის ფორმას - Marzipankartoffeln. ასევე, ინგრედიენტია გერმანულ საკონდიტრო ნაწარმში, მაგალითად Bethmännchen და 'Glücksschwein'.
გაერთიანებულ სამეფოში სადღესასწაულო ხილის ნამცხვრებს თითქმის ყოველთვის ამშვენებს მარციპანის ფენა.
ჩრდილოეთ ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საშობაოდ ღორის ფორმის მარციპანის და სააღდგომოდ კვერცხის ფორმის მარციპანის ჭამა ტრადიციაა.
ტალინში, მაიასმოკის კაფეში, მდებარეობს პატარა მუზეუმი, რომელიც ეძღვნება მარციპანის ისტორიასა და წარმოებას. [5]
შუა აღმოსავლეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბანში, მარციპანს (ცნობილი როგორც لوزینه - lozina, Lowzineh, ან Marçabén مرصبان [მომდინარეობს არაბული სიტყვა lawz = "ნუშისგან") არომატისთვის ფორთოხლის წვენს უმატებენ და ყვავილების ფორმას აძლევენ.
ლათინური ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლათინო-ამერიკულ სამზარეულოში მარციპანი ცნობილია როგორც mazapán და მას ასევე ტრადიციულად მიირთმევენ შობას, თუმცა ლათინური ამერიკის მარციპანს ნუშის ნაცვლად არაქისით ამზადებენ.[6]
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთის გოას შტატში მარციპანი (maçapão) პორტუგალიელებმა გაავრცელეს, მაგრამ აქ ნუშის ნაცვლად კეშიუთი მზადდება.
ფილიპინებში მარზიპანი ესპანეთიდან ჩამოიტანეს, მაზაპან დე პილი (ესპ. "Pili marzipan") მზადდება პილის კაკლისგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მარციპანი ჩინეთში წარმოიშვა, შემდეგ კი შუა აღმოსავლეთში და ევროპაში გავრცელდა. [7]
სავარაუდოდ, ევროპაში ის თურქებმა შეიტანეს. ლიუბეკს და ტალინს კი ძალიან დიდი ხნის მარციპანის წარმოების ისტორია აქვთ.
შესაძლებელია, მისი წარმოშობის ადგილი ესპანეთი, ალ-ანდალუსიც იყოს. ტოლედოში ეს დესერტი ცნობილი იყო, როგორც Postre Regio. აგრეთვე არის მოხსენიებული წიგნში „ათას ერთი ღამე“. მარციპანი ტოლედოს ყველაზე ცნობილი დესერტია.
აშშ-ში მარციპანს ოფიციალური განმარტება არ აქვს, მაგრამ ზოგადად ის მზადდება შაქრის უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ეს ევროპაშია გავრცელებული.[8] მარციპანის ხარისხი, ზოგადად, იზრდება მასში ნუშის შემცველობის პროპორციულად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერმანული მარციპანი (ინგლისური)
- სიტყვა მარციპანის წარმოშობა(ინგლისური)
- მარციპანის მუზეუმი (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მარციპანი - განმარტება (ქართული)
- ↑ https://books.google.com/?id=NtTc-j10qKIC&pg=PT48&dq=scandinavian+princess+cake#v=onepage&q=scandinavian%20princess%20cake&f=false გვ. 45
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Marzipan#TBS გვ.268
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Marzipan#TBS გვ.356
- ↑ მარციპანაის მუზეუმი
- ↑ http://www.seriouseats.com/2010/12/marzipan-history-what-is-it-almonds.html
- ↑ https://web.archive.org/web/20070901161019/http://www.spain.info/TourSpain/Gastronomia/Productos%20y%20Recetas/Productos/G/0/Mazapan%20artesano%20de%20Toledo?Language=ES
- ↑ http://www.lovenbake.com/service/faq.html