შინაარსზე გადასვლა

ინტერფერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერფერონი (ლათ. inter — ურთიერთ და ferio — ვარტყამ, ვამარცხებ) — დამცველი ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ფრინველებისა და ძუძუმწოვრების უჯრედები და უჯრედთა კულტურები ვირუსებით მათი დასნებოვნების საპასუხოდ. ინტერფერონი თრგუნავს ვირუსების გამრავლებას უჯრედებში. აღმოჩნდა, რომ ინტერფერონს წარმოქმნიან აგრეთვე ბაქტერიები, რიკეტსიები, ტოქსინები, ნუკლეინის მჟავები, სინთეზური პოლინუკლეოტიდები. ინტერფერონი დაბალმოლეკულური (მოლ მასა 25000-110000) ცილების ჯგუფია. იშლება პროტეოლიზური ფერმენტების გავლენით. ანტისხეულებისაგან განსხვავებით, ინტერფერონი მოქმედებს სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ, ამავე დროს იგი თრგუნავს ვირუსულ ნუკლეინის მჟავებს, რითაც აფერხებს მის გამრავლებას. უჯრედში ვირუსული ინფექციის განვითარების შემდეგ ინტერფერონი ეფექტს არ გვაძლევს. როგორც წესი, ინტერფერონი სპეციფიკურია მისი წარმომქმნელი უჯრედებისათვის. ფიქრობენ, რომ ვირუსებზე მოქმედებს არა თვით ინტერფერონი, არამედ სხვა ცილა, რომელიც მისი გავლენით გამომუშავდება.