ედიტ კრესონი
ედიტ კრესონი | |
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მაისი, 1991 – 2 აპრილი, 1992 | |
წინამორბედი | მიშელ როკარი |
მემკვიდრე | პიერ ბერეგოვუა |
დაბადებული | 27 იანვარი, 1934 ბულონ-ბილანკური, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია |
მამა | გაბრიელ კამპიონი |
მეუღლე | ჟაკ კრესონი |
შვილები | ალექსანდრა, ნატალი |
ედიტ კრესონი, ქალიშვილობისას - კამპიონი, ფრანგ.Édith Cresson (დ.1934 წ.) - საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1991-92 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ედიტ კრესონი დაიბადა პარიზის პრესტიჟულ გარეუბან ბულონ-ბილანკურში საჯარო მოხელის ოჯახში. ინგლისელი ძიძის წყალობით, მან ინგლისური ენა კარგად შეისწავლა, ხოლო განათლება მიიღო კომერციულ კვლევათა სკოლაში ბიზნესის და შემდგომ დემოგრაფიის განხრით.
1965 წელს იგი მონაწილეობდა სოციალისტთა პარტიის წარმომადგენლის ფრანსუა მიტერანის პირველ საარჩევნო კამპანიაში. მომავალ პრეზიდენტთან სიახლოვის გათვალისწინებით, 1971 წელს ედიტ კრესონი პარტიის წევრი გახდა, ხოლო სამი წლის შემდეგ ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ახალგაზრდობის საქმეების კურატორად. 1979-81 წელს იგი ევროპარლამენტის დეპუტატი იყო.[1]
პოლიტიკური კარიერა 1980-იან წწ.
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა მიტერანის მმართველობის წლებში ედიტ კრესონი სამჯერ იქნა არჩეული ეროვნულ ასამბლეაში. ის, აგრეთვე, მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა :
- 1981-83 წწ. - სოფლის მეურნეობის მინისტრი;
- 1983-84 წწ. - საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მინისტრი;
- 1984-86 წწ. - სამრეწველო რესტრუქტურიზაციის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი;
- 1988-90 წწ. - საგარეო საქმეთა მინისტრი.
1991 წლის მაისში მას პრეზიდენტმა შესთავაზა პრემიერობა მიშელ როკარის საკმაოდ წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ.[2] საფრანგეთის ისტორიაში ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ქალს ერგო.
პრემიერის პოსტზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჯარო სამსახურში, მათ შორის დიპლომატიურ უწყებაში მრავალწლიანი კარიერის მიუხედავად, ედიტ კრესონი არაერთი ისეთი გამონათქვამის ავტორი გახდა, რომელმაც მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა.
"ანგლოსაქსურ ქვეყნებში მამაკაცების უმრავლესობა ჰომოსექსუალია. შესაძლოა არც მთლად უმრავლესობა, მაგრამ ამერიკაში ისინი უკვე 25% არიან. ასევეა ინგლისში და გერმანიაში", - განაცხადა მან გაზეთ "ობსერვერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.[3] ამ ფრაზის გამო პრემიერი მძაფრი კრიტიკისა და დაცინვის ობიექტად იქცა ინგლისში, სადაც როგორც მედიის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებმა ხმა აიმაღლეს მის წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ჯონ მეიჯორის მხრიდან მსგავსი სიტყვების წარმოთქმა შეფასდებოდა, როგორც რასისტული, სექსისტური და ანტიევროპული.[4]
ედიტ კრესონმა ასევე გააკრიტიკა იაპონელთა სავაჭრო პრაქტიკა და გამოთქვა შიში, რომ ეს "ყვითელი ჭიანჭველები მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ." აღშფოთებულმა იაპონელმა აქტივისტებმა პასუხად მისი ფიტული დაწვეს.
საჯარო სექტორი უკმაყოფილო იყო ეკონომიკის საკითხებში პოლიტიკური ჩარევების გამო, სატირისტები კი პრემიერის აღზევებას პრეზიდენტთან მის პირად ურთიერთობას უკავშირებდნენ.[5]
მაღალ თანამდებობებზე კრესონის ყოფნას ევროპაში მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესები დაემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლა, "ვარშავის პაქტის" გაუქმება, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხავერდოვანი რევოლუციები, იუგოსლავიაში საომარი მოქმედებების დაწყება. საგარეო სფეროში პრემიერი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1992 წლის 7 თებერვალს პრეზიდენტთან ერთად მან ხელი მოაწერა მაასტრიხტის ხელშეკრულებას ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის შესახებ.
1992 წლის მარტში მუნიციპალური არჩევნების შედეგების მიხედვით, სოციალისტურმა პარტიამ ექვსი რეგიონი დაუთმო მეტოქეებს. საზოგადოებრივი აზრის თანახმად, გამოკითხულთა 76% არ ენდობოდა პირადად პრემიერ-მინისტრს, რაც პოპულარობის ინდექსით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2 აპრილს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება თანამდებობიდან ედიტ კრესონის გათავისუფლების შესახებ. იგი პიერ ბერეგოვუამ ჩაანაცვლა.
ევროპულ პოლიტიკაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს მიტერანმა ედიტ კრესონი ევროკომისიაში სამეცნიერო კვლევების, მეცნიერების და ტექნოლოგიების კომისრად წარადგინა.
რამდენიმე წლის შემდეგ იგი ფინანსურ სკანდალში გაეხვა. ზედამხედველობის კომისიამ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში კომისარი არ რეაგირებდა ცნობილი მაქინაციების აღსაკვეთად ახალგაზრდობის სასწავლო პროგრამაში, სადაც დიდი რაოდენობით თანხა აორთქლდა. ექს-პრემიერი ასევე ნეპოტიზმში დაადანაშაულეს კომისიაში შიდსის ექსპერტად საკუთარი კბილის ექიმის დანიშვნაში იმის მიუხედავად, რომ იგი არაკომპეტენტური პირი იყო. სკანდალი გახდა ჟაკ სანტერის მეთაურობით ევროკომისიის მთელი ხელმძღვანელობის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი 1999 წელს.
1999 წელს ედიტ კრესონმა თავისი პრობლემები გერმანულ მედიას დააბრალა მაშინ, როცა გერმანია ევროკავშირში როტაციის წესით თავმჯდომარეობდა.
ბელგიის სასამართლომ მას კორუფციული ბრალდებების გამო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა 2006 წელს გამოტანილ განაჩენში ფინანსური ჯარიმა არ დაუწესებია.
ვინაიდან ევროკომისრად მუშაობისას ედიტ კრესონის წლიური ხელფასი 130 ათასი გირვანქა სტერლინგის ექვივალენტს შეადგენდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ მას ყოველწლიურად ამ თანხის 20%-ის მიღება განესაზღვრა.[6]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Avec le soleil, Paris: Éditions Jean-Claude Lattès, 1976;
- L'Europe à votre porte: manuel pratique sur les actions de la CEE intéressant les opérateurs économiques, Centre français du commerce extérieur, 1989;
- Innover ou subir, Paris, 1998;
- Histoires françaises, Monaco: Éditions du Rocher, 2006 (ავტობიოგრაფია).
ოჯახური მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წელს დაქორწინდა ავტოკონცერნ "პეჟოს" ერთ-ერთი დირექტორზე ჟაკ კრესონზე. ჰყავს ორი შვილი, ალექსანდრა და ნატალი.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cresson: The 'careless' commissioner news.bbc.co.uk, 16 March 1999
- ↑ Biographies: Edith Cresson encyclopedia.com
- ↑ Edith Cresson citation-celebre.leparisien.fr
- ↑ 25% of Anglo-Saxon Men Gay, French Premier Reportedly Says latimes.com
- ↑ Cresson is renowned for her abrasiveness irishtimes.com, 14 January 1999
- ↑ Europe: Anger at EU pay-offs news.bbc.co.uk, 18 March 99
- ↑ Edith Cresson prabook.com