შინაარსზე გადასვლა

აიშა ბინთ აბუ ბაქრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშა ბინთ აბუ ბაქრი
არაბ. عائشة بنت أَبي بكر‎;
დაბადების თარიღი დაახ. 605/614
მექა, ჰიჯაზი, საუდის არაბეთი
გარდაცვალების თარიღი დაახ. 13 ივლისი 678
მედინა ომაიანთა სახალიფო
დაკრძალულია მედინა, ალ-ბაქის სასაფლაო
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მუჰამედი
მშობლები მამა: აბუ ბაქრი
დედა: უმ რუმანი

აიშა ბინთ აბუ ბაქრი (არაბ. عائشة بنت أَبي بكر‎; დაახ. 605/614, მექა, თანამედროვე საუდის არაბეთი - 13 ივლისი, 678, მედინა, ომაიანთა სახალიფო) — წინასწარმეტყველ მუჰამედის მესამე, უმცროსი ცოლი,  მართალმორწმუნე ხალიფა აბუ ბაქრისა და უმ რუმანის( „მორწმუნეთა დედა“) ქალიშვილი. აიშა ერთ-ერთია თავისი დროის ისლამის შვიდ უდიდეს მეცნიერთაგან.  მას სიცოცხლეშივე შეარქვეს "მართალი."[1][2]

აიშამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  ისლამის ადრეულ ისტორიაში, როგორც მუჰამედის სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის შემდეგ. სუნიტურ ტრადიციაში იგი გამოსახულია როგორც მეცნიერი და ცნობისმოყვარე. იგი ემსახურებოდა მუსლიმურ საზოგადოებას მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ 44 წელი. აიშას დამსახურება დიდი იყო მუჰამედის მოქმედებებისა და სიტყვების — ჰადისების შეკრებაში. როგორც ცნობილია,  2210 ჰადისი აიშას მიერ იყო მონათხრობი არა მხოლოდ მუჰამედის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ისეთ თემებზე, როგორიცაა მემკვიდრეობა, პილიგრიმობა და ესქატოლოგია. იგი დიდად ფასობდა როგორც მორწმუნეებში, ისე მაღალ სასულიერო თუ საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.[3][4][5][6]

მისი მამა, აბუ ბაქრი, იყო პირველი ხალიფა, რომელიც მუჰამედის მემკვიდრე გახდა. ორი წლის შემდეგ იგი შეცვალა ომარმა. მესამე ხალიფა უსმანის დროს აიშა მონაწილეობდა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მთელი ცხოვრება ებრძოდა ალის. ცნობილია მისი აქტიური მონაწილეობა „აქლემების ბრძოლაში“ აზ-ზუბაირის ლაშქარში ალის დასამარცხებლად. აზ-ზუბაირის მომხრეებს მოუწოდებდა სიკვდილამდე ბრძოლისკენ. მისი დაცვისთვის ბრძოლის ველზე სამოცდაათი მეომარი დაეცა. საბოლოოდ აიშამ ბრძოლა წააგო, ალიმ იგი ტყვედ ჩაიგდო  და მედინაში, თავის სახლში გაგზავნა. მისმა ერთგულებამ და მონდომებამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ბრძოლაში მისი მონაწილეობის გამო, შიიტი მუსლიმები  აიშას მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილები.

ამის შემდეგ იგი მშვიდად ცხოვრობდა მედინაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მონაწილეობდა პოლიტიკაში, შეურიგდა ალის და არ დაუპირისპირდა ხალიფა მუავიას.[7]

ზოგიერთი წყაროს თანახმად, აიშა 6-7 წლის გოგონა იყო, როდესაც მუჰამედზე დაინიშნა. სხვა წყაროების მიხედვით, აიშა 9 წლის იყო, როდესაც პატარა საქორწინო ცერემონია გაიმართა. ზოგიერთი წყარო უფრო მოზრდილ ასაკს ასახელებს. მისი ქორწინების თარიღი და ასაკი მეცნიერთა შორის კამათის და დებატების წყაროა.

აიშა დაიბადა და გაიზარდა მუსლიმურ ოჯახში, რომელსაც მუჰამედი ხშირად სტუმრობდა, რადგან მეგობრობდა მამამისთან აბუ ბაქრთან. აბუ ბაქრმა თავისი სახლის ეზოში ააგო პატარა მეჩეთი, რომელშიც მთელი მისი ოჯახი ლოცულობდა. მიუხედავად პატარა ასაკისა, აიშა გულმოდგინედ იმახსოვრებდა ისლამის ყველა საფუძველს, ვინაიდან დაბადებიდანვე იყო დაჯილდოვებული დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. გოგონა ადრეული ბავშვობიდანვე სვამდა ჭკვიანურ კითხვებს. იგი გამოირჩეოდა კარგი მეხსიერებით.  სულიერად და ფიზიკურად ასაკთან შედარებით უფრო  განვითარებული იყო. მისი გამონათქვამები და შენიშვნები აოცებდა გარშემომყოფებს.

მუსლიმური წყაროები აიშას ახასიათებენ, როგორც ლამაზ, ინტელექტუალურ, ნიჭიერ, კეთილგანწყობილ, მოკრძალებულ და ღვთისმოსავ გოგონას.

ისლამური ტრადიციის თანახმად, აიშა მუჰამედ მოციქულისთვის იყო განკუთვნილი. მუჰამედს სავდასთან დაქორწინების შემდეგ,  დაესიზმრა ანგელოზი ჯიბრაილი აბრეშუმის ქსოვილით, რომელზეც აიშას გამოსახულება ანათებდა. ანგელოზმა ჯიბრაილმა უთხრა მუჰამედს: "ნამდვილად ის შენი მეუღლეა ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაში". მას შემდეგ რაც მუჰამედმა მეორედ ნახა იგივე სიზმარი, მიხვდა, რომ აიშა მისი ცოლი უნდა გამხდარიყო ალაჰის ნებით.[8]

აიშა დანიშნული იყო ჯუბაირ იბნ მუტიმზე, რომელიც არ გახლდათ მორწმუნე ოჯახიდან. თავიდან აბუ ბაქრი არ იყო დარწმუნებული "თავისი ქალიშვილის ძმასთან ქორწინების ლეგიტიმურობაში ან თუნდაც კანონიერებაში". მუჰამედმა, თავის მხრივ, უპასუხა მას, რომ ისინი მხოლოდ რელიგიური ძმები იყვნენ. ამის შემდეგ აიშას პირველი ნიშნობა გაუქმდა. 620 წელს აბუ ბაქრმა თავისი ქალიშვილი აიშა დააქორწინა მუჰამედზე. გოგონა 622 წელს  გადავიდა მუჰამედის სახლში. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო გააძლიერა მეგობრული კავშირები მუჰამედსა და აბუ ბაქრს შორის. [9]

ქორწინების დროს აიშას ასაკის შესახებ განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მუსლიმური წყაროების უმეტესობის მიხედვით,  გოგონა ექვსი წლის იყო, ხოლო ოჯახური ცხოვრების ფაქტობრივი დაწყების დროს იგი ცხრა წლის გახლდათ. სხვა წყაროებში აღნიშნულია ათი წლის ასაკი. ზოგიერთი ავტორის ვარაუდით, ის თხუთმეტი ან სულაც ჩვიდმეტი წლის იყო. ზოგიერთი ისტორიკოსი, მათ შორის იბნ ჰიშამი, ამტკიცებს, რომ აიშა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ისლამი მიიღო, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ქორწინების დროს 15 წლის იყო. არსებობს მტკიცებულება, რომ აიშას და ასმა, რომელიც ჰიჯრის დროს 27 წლის გახლდათ, აიშაზე 10 წლით უფროსი იყო, რაც გულისხმობს, რომ აიშა ქორწინების დროს 17 წლის იყო.[10][11][12]

მუჰამედი და აიშა — ტომის ბელადის ქალიშვილის გათავისუფლების სცენა

მას შემდეგ, რაც მუჰამედი აიშაზე დაქორწინდა, იგი მეუღლის სახლში დასახლდა მეჩეთის გვერდით. აიშას და მუჰამედს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. წინასწარმეტყველმა მას ჰუმეირა შეარქვა.

აიშა იყო სათნო, ღვთისმოსავი ქალი, რომელიც დიდ დროს ატარებდა ლოცვაში და გულუხვად ანაწილებდა მოწყალებას. აიშა მამაცი, მტკიცე და უშიშარი ქალი გახლდათ . იგი მონაწილეობდა  ბრძოლებში,  ეხმარებოდა დაჭრილ მუსლიმ ჯარისკაცებს. უჰუდის ბრძოლის დროს, რომელშიც მუსლიმთა დიდი ნაწილი დაიღუპა, აიშამ დაჭრილებს მოუარა, ხოლო დაღუპულები მედინაში გადაასვენა. ამავე ბრძოლაში მუჰამედი პოლითეისტებმა ქვებით დაჭრეს სახეში. აიშამ მას სისხლდენა  შეუჩერა.

მუჰამედზე დაქორწინების შემდეგ აიშამ ყურანის კითხვა ისწავლა. მუჰამედის მხოლოდ რამდენიმე თანამოაზრეს შეეძლო აიშას შედარებოდა ყურანისა და სუნას გაგებაში.

სახლში, რომელშიც მუჰამედი და აიშა ცხოვრობდნენ,  იყო ლეიბი, ფინიკის პალმის ბოჭკოებისგან დამზადებული ბალიში, ხალიჩა, ორი თიხის დოქი, სადაც ფქვილი და ფინიკი ინახებოდა, წყლის ფინჯანი და თასი. ლამფაც იყო, რომელშიც ხშირად ზეთი თავდებოდა და სახლში რამდენიმე კვირა არ იყო განათება. იმის მიუხედავად, რომ აიშას მოახლე ჰყავდა, თავად უყვარდა მუჰამედის მოვლა, ფქვილის დაფქვა, ცომის მოზელა, პურის გამოცხობა, საწოლების გაწყობა და ტანსაცმლის რეცხვა.

აიშა 18 წლის იყო, როდესაც მუჰამედი მის მკლავებში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს გარდაცვალების ადგილას, ანუ საფლავი გაითხარა მედინაში აიშას სახლის ქვეშ. მუჰამედის სამარხზე მეჩეთი ააგეს.[13]

ურთიერთობა ოჯახის სხვა წევრებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშას მეგობრული  ურთიერთობა ჰქონდა და პატივისცემით ეპყრობოდა მუჰამედის სხვა ცოლებს და შვილებს. ასე, მაგალითად, იგი გამოესარჩლა მუჰამედის ერთ-ერთ ცოლს — ზაინაბ ბინთ ჯაჰშს, რომელსაც წინასწარმეტყველი  ორი თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მის მიერ ჩადენილი შეცდომის გამო. ხოლო მუჰამედის ქალიშვილ ფატიმასთან აიშას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც ფატიმას ქორწილისთვის ემზადებოდნენ,  აიშამ სახლის კედლებიც კი შეათეთრა და მისთვის მზითვი მოამზადა. აიშა ფინიკითა და ქიშმიშით გაუმასპინძლდა ფატიმას საქმროს, ალი იბნ აბუ ტალიბს. მუსლიმთა ჰადისში ნათქვამია, რომ აიშას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ უეჭვიანია მუჰამედის არც ერთ ქალზე ისე, როგორც მის გარდაცვლილ მეუღლე ხადიჯა ბინთ ხუვაილიდზე. [14]

შემთხვევა დაკარგულ სამკაულებთან დაკავშირებით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აიშა — "აქლემების ბრძოლა"

იყო შემთხვევა, როცა აიშამ მუჰამედთან ერთად მოგზაურობისას დაკარგა სამკაული (მარგალიტის ყელსაბამი). ეს სამკაული აიშას დედამ უმ რუმანმა ქორწილში აჩუქა. სანამ აიშა ძვირფასეულობას ეძებდა, ქარავანი მედინასკენ დაიძრა და ვერავინ შეამჩნია, რომ აიშა პალანკინში არ იყო. აიშამ იპოვა თავისი სამკაული, მაგრამ ქარავანი უკვე შორს იყო. ის დარჩა მოლოდინში იმ იმედით, რომ ვინმე დაბრუნდებოდა მის წასაყვანად. იმ პერიოდში, მოგზაურობის დროს, ქარავნებს ყოველთვის მიჰყვებოდა პიროვნება, რომელიც აგროვებდა გაჩერებების დროს დარჩენილ ნივთებს და აწვდიდა მფლობელებს. იმ დღეს ასეთი პიროვნება იყო ჰაზრატ საუფან იბნ მუატალი, რომელიც ითვლებოდა პატიოსან და მამაც მეომრად. მან აიშა აქლემზე დასვა, ხოლო თვითონ ფეხით წავიდა და აიშა მუჰამედს მიჰგვარა. ამ შემთხვევის შემდეგ აიშას მტრებმა — აბდულა იბნ უბაიმ და დამ — ხამნამ გაავრცელეს ჭორები წინასწარმეტყველის ცოლის ღალატზე. თავად აიშა, მომთაბარე ცხოვრების სირთულის გამო, ავად გახდა და ოცი დღე საწოლიდან ვეღარ დგებოდა. მას შემდეგ რაც ჭორებმა თავად აიშამდე მიაღწია, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. სიტუაციის გასარკვევად მუჰამედმა თავისთან დაიბარა ალი იბნ აბუ ტალიბი და უსამა იბნ ზაიდი, რათა გაეგო მათი აზრი მომხდარის შესახებ. უსამა იბნ ზაიდმა უთხრა წინასწარმეტყველს, რომ მას ძალიან დადებითი აზრი ჰქონდა აიშაზე. ალი იბნ აბუ ტალიბმა თავის მხრივ შესთავაზა აიშას შესახებ გაეგო მისი მოახლე ბარირასგან. ბარირამ უპასუხა, რომ მასაც მხოლოდ დადებითი აზრი ჰქონდა აიშას შესახებ და აიშას ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ ახალგაზრდობაში ცომის მოზელვისას ხშირად იძინებდა. იმავე დღეს, მუჰამედმა ასევე დაიბარა მისი მეორე ცოლი, ზაინაბ ბინთ ჯაჰში, რათა მისთვის ეკითხა აზრი. მაგრამ ზეინაბმა უპასუხა, რომ აიშაზე კარგის გარდა ვერაფერს იტყოდა. თუმცა მუჰამედი ძალიან ღელავდა შექმნილი სიტუაციის გამო. ამავე დროს  აიშა მთელი დღეების განმავლობაში ტიროდა და ყოვლისშემძლეს უდანაშაულობის ნიშანს სთხოვდა. ყოვლისშემძლემ უპასუხა აიშას თხოვნას და გამოცხადებით ნიშანი მისცა წინასწარმეტყველს, რომელიც მოგვიანებით გახდა ყურანის ან-ნურის ოცდამეოთხე სურის 11-21 აიათი. ყურანის ამ მუხლებით ყოვლისშემძლემ დაადასტურა აიშას უდანაშაულობა და მიანიშნა   ცილისმწამლების უმკაცრესი დასჯის შესახებ [14][15]

აიშას ცხოვრება მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქმრის გარდაცვალების შემდეგ აიშას თავის ოთახში ეძინა, იმავე ადგილას, სადაც საფლავი იყო, შემდეგ კი სხვა ოთახში გადავიდა და მუჰამედი სიზმარში ნახა. წინასწარმეტყველის ქვრივებმა მემკვიდრეობა ვერ მიიღეს, რადგან ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. მათ მოითხოვეს  სამკვიდრო ბაღების სახით, რომლებიც მას ეკუთვნოდა სიცოცხლეში, მაგრამ აიშამ შეარცხვინა ისინი და განაცხადა, რომ მუჰამედის მემკვიდრეობა არ უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტულ ადამიანს, იგი ყველა მუსლიმის საკუთრებაა. ამის შემდეგ ქვრივებს პრეტენზია აღარ ჰქონიათ.

აიშა იყო მუჰამედის სამი ცოლიდან ერთ-ერთი, რომელმაც მთელი ყურანი ზეპირად იცოდა (ხაფსასა და უმ სალამთან ერთად). ხაფსას მსგავსად, აიშასაც ჰქონდა ყურანის ხელნაწერი. მუჰამედის თანამოაზრეებს შორის აიშა ითვლება ისლამური იურისპრუდენციის ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტად. სხვა გამოჩენილი თანამოაზრეები მას იურიდიულ საკითხებში დახმარებისთვის მიმართავდნენ ხოლმე ყველაზე რთულ და დამაბნეველ სიტუაციებში და ღებულობდნენ ღირსეულ, ამომწურავ პასუხებს. ის კარგი ორატორი იყო. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ აიშა მენტორობით იყო დაკავებული, ასწავლიდა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. აიშას მოსწავლეები გამოირჩეოდნენ თავიანთი თანატოლებისგან განათლებითა და განვითარებით. იგი პატრონობდა ობოლ ბავშვებს, რომლებიც მასთან  სწავლობდნენ. მისი ბევრი სტუდენტი მოგვიანებით გახდა ცნობილი მეცნიერი, ჰადისების შემგროვებელი, ყურანის ექსპერტი. მან მიაღწია  დიდ ოსტატობას ვერსიფიკაციაში, ბევრი პოეტი ცდილობდა მისგან მიეღო ცოდნა. [16]

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ აიშამ ადამიანებს გადასცა მისგან მიღებული ცოდნა და სიბრძნე.  ღვთისმოსაობისა და ცოდნის წყალობით, იგი გახდა ყველა მუსლიმისთვის საყვარელი პიროვნება.

"მართალი", როგორც მუსლიმები ეძახდნენ აიშას,  გარდაიცვალა რამადანის თვის 17 რიცხვში, საღამოს, 66 წლის ასაკში. მისი ანდერძის თანახმად, იგი ღამით დაკრძალეს მედინაში, ჯანატ ალ-ბაქის სასაფლაოზე.  დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო.[17]

  1. "Aisha". The American Heritage Dictionary of the English Language (5th ed.). Boston: Houghton Mifflin Harcourt. Retrieved 6 May 2019.
  2. "Aisha". Collins English Dictionary. HarperCollins. Retrieved 6 May 2019.
  3. "Āishah". Merriam-Webster Dictionary. Retrieved 6 May 2019.
  4. Aleem, Shamim (2007). Prophet Muhammad(s) and His Family: A Sociological Perspective. AuthorHouse. p. 130. ISBN 9781434323576.
  5. Islamyat: a core text for students
  6. Ishaq, Mohammad. Journal of the Pakistan Historical Society. 3 (Part 1).
  7. Esposito, John. "A'ishah: 614–678: Third wife of Muhammad". www.oxfordislamicstudies.com Archieved from the original on 4 September 2018 Retrieved 30 January 2019 Extracted from Esposito, John (2004)The Islamic World: Past and Present. ISBN 978-0397512164.
  8. Kelly Bulkeley; Kate Adams; Patricia M. Davis (2009). "6 (Dreaming in the Life of the Prophet Muhammad)". Dreaming in Christianity and Islam: Culture, Conflict, and Creativity. Rutgers University Press. p. 87. ISBN 9780813546100.
  9. "The Book of Marriage". SahihalBukhari.Com. SalafiPublications.Comlocation=Hadeeth No. 4745 & 4787. Archived from the original on 23 November 2015.
  10. Aisha Y. Musa, The Qur’anists, Florida International University, accessed 22 May 2013.
  11. The Future of Muslim Civilisation by Ziauddin Sardar, 1979, page 26.
  12. Neal Robinson (2013), Islam: A Concise Introduction, Routledge, ISBN 978-0878402243, Chapter 7, pp. 85–89
  13. Абдулхамид Тахмоз. Оиша розийаллоху анхо. — Мовароуннахр, 2005. — С. 96.
  14. 14.0 14.1 Mustafa ERĺŞ. Peygamberimizin Hanımları / Müminlerin Anneleri. — Erkam Yayınları, 2001. — С. 165. — ISBN 9756736240
  15. Абдулхамид Тахмоз. Оиша розийаллоху анхо. — Мовароуннахр, 2005. — С. 96.
  16. Aleem S. Prophet Muhammad(s) and His Family: A Sociological Perspective. — AuthorHouse, 2007. — С. 130. — ISBN 9781434323576.
  17. Ibn Kathir "book 4, chapter 7". Al-Bidaya wa'l-Nihaya [The Beginning and the End] (in Arabic).