შინაარსზე გადასვლა

ჯოვანი ბოკაჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ჯოვანი ბოკაჩო
იტალ. Giovanni Boccaccio
დაბადების თარიღი 1313[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა[1] [7] [3] [8] [4] [6]
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1375[9] [2] [10] [11] [8] [4]
გარდაცვალების ადგილი ჩერტალდო, ფლორენციის რესპუბლიკა[9] [2] [3] [11] [8] [4] [6]
დასაფლავებულია წმინდა ჯაკოპოსა და ფილიპოს ეკლესია
საქმიანობა ნოველისტი, პოეტი[1] [12] , დიპლომატი, მთარგმნელი, ბიოგრაფი, მითოგრაფი და მწერალი[10] [1] [12] [13]
ენა იტალიური ენა და ლათინური ენა
მოქალაქეობა  ფლორენციის რესპუბლიკა
Magnum opus დეკამერონი, მადონა ფიამეტას ელეგია, Buccolicum carmen, De casibus virorum illustrium, De mulieribus claris, De montibus, Genealogia deorum gentilium, Corbaccio, ფილოსტრატო, La caccia di Diana, Teseida, Amorosa visione და Trattatello in laude di Dante

ჯოვანი ბოკაჩო (იტალ. Giovanni Bocaccio; დ. 17 ივნისი, 1313, ჩერტალდო, ტოსკანა — გ. 21 დეკემბერი, 1375, ჩერტალდო, ტოსკანა) — იტალიელი მეცნიერი, რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების — „დეკამერონის“ — ავტორი.

ჯოვანი ბოკაჩო იყო ფლორენციელი სოვდაგრის და წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის, ჟანას შვილი. დედა ადრე გარდაეცვალა. ერთი წლიდან ფლორენციაში დედინაცვალი ზრდიდა. ათ წლამდე ჯოვანი ფლორენციაში იზრდებოდა, შემდეგ კი აღსაზრდელად მიაბარეს ერთ ვაჭარს ნეაპოლში, რომლისგანაც მას კომერცია უნდა ესწავლა. ბოკაჩომ ვაჭრობა ექვსი წლის მეცადინეობის მიუხედავად ვერ შეისწავლა, ასევე ვერ შეისწავლა სამართალი, რომელსაც შემდეგი ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა. ახალგაზრდა ბოკაჩოს არ სურდა ვაჭრობისა და სამართლის სწავლა, არამედ გული მიუწევდა პოეზიისა და მწერლობისკენ, ბავშვობიდანვე ეცნობოდა რა რომაელი კლასიკოსებისა (ვერგილიუსი, ოვიდიუსი, სენეკა, ციცერონი) და დანტეს შემოქმედებას.

ნეაპოლში ბოკაჩო მოხვდა მეფე რობერტ ანჟუელის კარზე. რობერტ ანჟუელი იყო განათლებული და რამდენიმე უმნიშვნელო ლიტერატურული ქმნილების ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკრებდა თავის გარშემო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებსა და მეცნიერებს. ბოკაჩომ მეფის კარზე გაიცნო ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს, განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა. ნეაპოლში ბოკაჩოს შეუყვარდა მეფე რობერტის გათხოვილი ქალიშვილი მარიამ აქვინელი, რომელიც შემდგომ განსახიერდა ბოკაჩოს შემოქმედებაში ფიამეტას სახით. მარიამ აქვინელმა შთააგონა ბოკაჩოს პირველი ნაწარმოებები — რომანი „ფილოკოლო“ (1336) და იტალიურ პოეზიაში ოქტავებით დაწერილი პირველი პოემა „ფიეზოლელი ნიმფები“ (1345). ამ ადრინდელ ნაწერებში სჭარბობს კლასიკური მითოლოგიით შეფერილი საშუალო საუკუნეების ლიტერატურული ფორმები (რაინდული თაგადასავლები, ალეგორიზმები და სხვა)

1340 წელს ბოკაჩო მამამ დაქვრივების გამო ფლორენციაში გაიწვია. ბოკაჩომ აქ ნახა ნეაპოლის სასახლის არისტოკრატიული წრეებისგან სრულიად განსხვავებული გარემო — ვაჭართა რესპუბლიკა. მას ვერ წარმოედგინა აქ ცხოვრება და მამის მესამედ დაქორწინების (1343) შემდეგ ცხოვრობდა სხვადასხვა ქალაქებში — რავენასა და ფორლიში,თანაც გაექცა შავ ჭირს, რომელმაც ფლორენციის მოსახლეობის სამი მეოთხედი გაანადგურა. ეს მოვლენა მოგვიანებით „დეკამერონში“ აისახა. 1348 წელს ბოკაჩო კლავ დაბრუნდა ნეაპოლში, საიდანაც მამის სიკვდილის გამო დაბრუნდა ფლორენციაში და საბოლოოდ დამკვიდრდა იქ.

აქ 1350 წელს ბოკაჩომ გაიცნო ფლორენციაში გავლით მყოფი პეტრარკა და მოექცა მისი გავლენის ქვეშ. ბოკაჩო ორჯერ, 1363 და 1368 წლებში წავიდა ვენეციაში პეტრარკას სანახავად. მისივე გავლენით სწავლობდა ბერძნულ და ლათინურ ლიტერატურას, ასევე აგროვებდა კლასიკოსების ხელნაწერებს და დაღუპვისგან გადაარჩინა არაერთი ხელნაწერი. მანვე პირველმა დაიწყო ხელნაწერთა შეადრება და შესწორება. ბოკაჩომ შეისწავლა ძველი ბერძნული ენა, რისთვისაც კალაბრიიდან ჩამოიყვანა ბერძენი ლეონციო პალატო და პირველმა თარგმნა ჰომეროსი იტალიურად. თარგმანი სუსტი გამოვიდა, მაგრამ მან დაუმკვიდრა ბოკაჩოს პირველი ელინისტის სახელი იტალიურ ლიტერატურაში. ფლორენციაში ცხოვრების პერიოდში ბოკაჩომ ასევე გამოსცა რამდენიმე იმდროისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი ბიოგრაფიული, გეოგრაფიული და მითოლოგიური შინაარსისა. მანვე 1360-62 წლებში საფუძველი ჩაუყარა დანტეს მენიერულ შესწავლას. მასვე ეკუთვნის პეტრარკას პირველი ბიოგრაფია.

სიცოცხლის უმეტესი და შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მან გაატარა მშობლიურ ფლორენციაში. საკუთარ შემოქმედებაში მან ხარკი გადაუხადა როგორც ნეაპოლს, ასევე ფლორენციას. 1361 წელს ბოკაჩო აპირებდა ნეაპოლში გადასახლებას მაგრამ იქ ხანგრძლივად აღარ უცხოვრია. 1365 წლიდან მუშაობდა ფლორენციის ქალაქის მთავრობისთვის. ქალაქის მმართველობამ რამდენიმეჯერ დიპლომატიური მისიის გაგზავნა ის ვენეციასა და ნეაპოლში.

მოხუცებულმა და დაავადებულმა ბოკაჩომ ვერ შეძლო უკანასკნელი დიდი მიზნის, დანტეს კომენტარების დასრულება და გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში 1375 წლის 2 დეკემბერს. ჩერტალდოში შემორჩენილია ბოკაჩოს წითელი აგურით ნაგები სახლი, რომელიც აღადგინეს 1823 წელს, ხოლო სოფლის მთავარ მოედანზე დგას მისი ქანდაკება (1875).

ბოკაჩოს შემოქმედება იყოფა ორ ძირითად ნაწილად. ნეაპოლის პერიოდი მისი ახალგაზრდობის ხანისაა, ხოლო ფლორენციისა — გვიანდელი. ბოკაჩო კუატროჩენტოსა და ახლად ფეხადგმული, ზეაღმავალი ბურჟუაზიის ტიპური წარმომადგენელია. ფართო ჰუმანისტური განათლების მიუხედავად, იგი განმსჭვალული იყო ცრურწმენებით, მერყეობდა სკეპტიციზმსა და ორთოდოქსიას შორის. ბოკაჩომ მთელი თავისი მოღვაწეობით ზღვარი დაუდო საშუალო საუკუნეების მისტიციზმსა და ასკეტიზმს, მწერლობაში დაამკვირდა ახალი ეპოქის ადამიანი. ლათინი კლასიკოსების შესწავლამ და ტოსკანური, კერძოდ, ფლორენციული ხალხური კილოს ცოდნამ მას შესძინა ბუნებრივი და მოხდენილი ფრაზის ხელოვნება. ბოკაჩომ დიდი წვლილი შეიტანა მოქნილი და მდიდარი იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. თუ დანტე და პეტრარკა ითვლებიან იტალიური პოეზიის მამამთავრებად, ბოკაჩოს მიიჩნევენ იტალიური მხატვრული პროზის ფუძემდებლად. ბოკაჩო დანტეს დიდი თაყვანისმცემელი იყო და ბაძავდა კიდეც მას, განსაკუთრებით თავისი შემოქმედების პირველ პერიოდში. ბოკაჩო მოესწრო დანტეს პოპულარობის გაძლიერებას ფლორენციაში.

ბოკაჩოს პირველი პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი „ფილოკოლო“, რომელიც დაიწყო ნეაპოლში და დაასრულა ფლორენციაში. რომანში არწერილია ფლორიოს და ბიანჩიფორეს სასიყვარულო თავგადასავალი. სიუჟეტი აღებულია ფრანგული პოემიდან. რომანი სავსეა ალეგორიული და ფანტასმაგორიული სახეებით. მასში გადმოცემულია რამდენიმე ავტობიოგრაფიული და რეალისტური მომენტი.

პოემა „ფილოსტრატო“ ბოკაჩომ დაიწყო „ფილოკოლოზე“ გვიან, მაგრამ უფრო ადრე დაასრულა. ის დაწერილია ხალხური ოქტავით და მიძღვნილია ფიამეტასადმი. შინაარსად აღებულია ტროას ომის ერთი ეპიზოდი, რომელიც შემდეგ დაამუშავეს ჩოსერმა და შექსპირმა „ტროილი და კრესიდას“ სახელით. მასში ბევრია ავტობიოგრაფიული მომენტი. მთავარი გმირებიდან ტროილი განასახიერებს ბოკაჩოს, ხოლო გრიზეიდა — ფიამეტას.

„ამეტო“ (1341 წ., გამოქვეყნდა 1478 წ.) პროზანარევი ლექსით დაწერილი ალეგორიული პასტორალია. მასში აშკარად ჩანს ვერგილიუსისა და ოვიდიუსის გავლენა. ამეტო მოხეტიალე მონადირეა, რომელიც დაუმეგობრდება ნიმფებს და ერთი მათგანი შეუყვარდება. სიყვარული აკეთილშობილებს მას. კომპოზიციის მხრივ „ამეტო“ ახლოს დგას „დეკამერონთან“. აქ ნიმფები სხედან და ამეტოს ხელმძღვანელობით მორიგეობით ჰყვებიან მოთხრობებს.

ტერცინებითაა დაწერილი ალეგორიული პოემა „სასიყვარულო ხილვა“ (1342, გამოქვეყნდა 1521წ.). მასში აშკარად ჩანს დანტესა და პეტრარკას „ტრიუმფების“ გავლენა. პოემაში მოცემულია ბოკაჩოს პირად განცდათა ისტორია ნეაპოლში. აქ პოეტი ასახელებს საკუთარ სახელს. პოეტი მოხვდება სიზმრად ცისფერ სავანეში. აქ ის ალეგორიული ქალის — გონების — ხელმძღვანელობით იხილავს სიბრძნის, დიდების, სიმდიდრის, სიყვარულისა და ბედნიერების ალეგორიულ სახეებს. აგრეთვე იხილავს ფიამეტას, რომელიც ყოყმანობს მიეცეს მასთან განცხრომას. ამასობაში პოეტს გამოეღვიძება.

„თეზეიდა“ (1339, გამოქვეყნდა 1475 წ.) დიდი და გაჭიანურებული პოემაა. ისიც მარია-ფიამეტას ეძღვნება. პოემა აგებულია ბერძნულ მითოლოგიურ მასალაზე და გამართულია საშუალო საუკუნეების რომანტიკით. მეფე თეზეის ორი ტყვე — არჩიტი და პალემონი — ერთმანეთის მეგობრებია. ორთავეს უყვარს ტეზეის მიერ სკვითებისგან ტყვედ წამოყვანილი ამორძალი ქალი ემილია. მათში სიყვარული ძლევს მეგობრობის გრძნობას და ერთმანეთს თავ-თავიანთი ამალით შეებრძოლებიან. არჩიტი იმარჯვებს, მაგრამ კვდება, ქალი კი პალემონს დარჩება, რადგან ეს უკანასკნელი, არჩიტისგან განსხვავებით, ორ გრძნობას შორის არ ყოყმანობდა.

„ფიეზოლელი ნიმფები“ ოქტავებით დაწერილი პატარა პოემაა. მისი მოტივი ოვიდიუსის „მეტამორფოზებს“ ჰგავს. სიუჟეტი აღებულია მითოლოგიიდან. ახალგაზრდა მწყემს აფრიკოს შეუყვარდება დიანას გამგებლობაში მყოფი ნიმფა მენზოლა. ნიმფების უმანკოებას თავად დიანა სდარაჯობს. აფრიკო ქალურად გადაიცვამს და ბანაობის დროს შეიპყრობს მენზოლას. უმანკოებადაკარგული მენზოლა ვეღარც დიანას ხვდება და აღარც აფრიკოს, ამიტომ ეს უკანასკნელი თავს იკლავს მდინარესთან, ხოლო მენზოლას დიანა წყლად აქცევს. აფრიკოსა და მენზოლას სახელები მდინარეებს დაერქმევათ.

ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანია მოთხრობა „მადონა ფიამეტას ელეგია“ (1343, გამოქვეყნდა 1472), რომლითაც ბოკაჩომ საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიურ რომანს. რომანი წარმოადგენს შეყვარებულის მიერ მიტოვებული ქალის აღსარებას. რომანში როლები შებრუნებულია. თავად ბოკაჩი იყო მიტოვებული მარია აქვინელის მიერ. მთხრობელია ქალი ფიამეტა, რომელიც პამფილომ მიატოვა.

ბოკაჩო ნაკლებად ცნობილია, როგორც ლირიკოსი. ამ მხრივ ის ჩამორჩება პეტრარკას, თუმცა მას საკმაოდ ბევრი სონეტა, კანცონი და ეკლოგი აქვს დაწერილი. ბოკაჩოს ლირიკას განსაზღვრავს მფოლოდ მარია-ფიამეტსადმი დამოკიდებულება. ამდენად ის ერთფეროვანია.

Genealogia deorum gentilium, 1532

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები „დეკამერონი“ დაიწერა 1350-1353 წლებში, გადაამუშავა და გადაწერა 1370–1371 წლებში. „დეკამერონი“ გამოქვეყნდა 1471 წელს. ბოკაჩოს ნოველების ამ კრებულს მართებულად უწოდეს „ადამიანური კომედია”. ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საკუნებიის ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას.

დეკამერონის მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს ჩოსერმა, შექსპირმა, მარგარიტ ნავარელმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მისემ და სხვა.

განსხვავებით პეტრარკასგან, რომლის გავლენასაც განიცდიდა, ბოკაჩომ დაძლია შუა საუკუნეების კულტურული ტრადიცია. მიუხედავად ამისა, 1360-იან წლებში ბოკაჩოშიც გაიღვიძა საშუალო საუკუნეების სინდისმა და ის მიეცა მონანიებას „დეკამერონისთვის“. 1362 წელს თავად ბოკაჩომ კინაღამ გაანადგურა თავისი შედევრი კარტეზიელი ბერის, ვინმე ჯოაკიმე ჩიანის მოთხოვნით, რომელმაც მოუთხრო იმ ტანჯვის შესახებ, რაც საიქიოში ელოდა თუ ურჯულო თხზულების დაწერას არ მოინანიებდა. ბოკაჩო მზად იყო, გაენადგურებინა საკუთარი თხზულებები, ხელი აეღო მწერლობაზე და გაეყიდა ბიბლიოთეკა. ამ ქმედების ჩადენა მას პეტრარკამ გადაათქმევინა. ამავე პერიოდში დაწერა მან პამფლეტი „ყორანი“, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ.

  • გ. ახვლედიანი, „ჯოვანი ბოკაჩოს ცხოვრება და შემქომედება“ // დეკამერონი, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1970 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 BeWeB
  2. 2.0 2.1 2.2 Bosco U. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 3.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Friedman J. I. Boccaccio, Giovanni // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T009452
  5. https://www.bartleby.com/library/bios/index2.html
  6. 6.0 6.1 6.2 OPAC SBN
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #11851217X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. 8.0 8.1 8.2 various authors Encyclopedia of Renaissance Philosophy / M. SgarbiSpringer, Cham, 2019. — doi:10.1007/978-3-319-02848-4
  9. 9.0 9.1 Sapegno N. Dizionario Biografico degli Italiani — 1968. — Vol. 10.
  10. 10.0 10.1 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  11. 11.0 11.1 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.