ქანაანი
ქანაანი (ფინიკ. kĕnaʿan, ებრ. כְּנַעַן, არაბ. کنعان) — ძველი პალესტინის, სირიისა და ფინიკიის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება. მოიცავდა ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვიდან მდინარეების ორონტესისა და იორდანეს ველებამდე, ტავრის მთიდან ღაზამდე. როგორც ვარაუდობენ, „ქანაანი“ ნიშნავდა „მეწამულს“. თავდაპირველად მოიცავდა ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით მდებარეობდა ფინიკია. ქანაანზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ-კულტურულ განვითარებას. დასახლებული იყო პალეოლითის დროიდან. მეზოლითის ხანაში ჩამოყალიბდა ე.წ. ნატუფიის კულტურა. ნეოლითის ხანიდან (ძვ. წ. VI ათასწლეული) ჩნდება პირველი სამიწათმოქმედო დასახლებანი (იერიქონი).
ენეოლითის ხანა ქანაანში ე.წ. ღასულის კულტურას უკავშირდება (იერიქონის ზოგიერთი ფენა, ბეთ-შეანი, მეგიდო). ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) სამიწათმოქმედო დასახლებანი გამრავლდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვალა. ქანაანის აბორიგენები სემიტები არ უნდა ყოფილიყვნენ. ძვ. წ. III ათასწლეულში სემიტები — ქანაანელები დასახლდნენ. ქანაანი პოლიტიკურად ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. სახელმწიფოებრივი გაერთიანების ძირითადი ფორმა ქალაქ-სახელმწიფო იყო (ებლა, იერიქონი, მეგიდო, ჰაცორი, გეზერი, თაანახი, ბეთ-შეანი და სხვა). თითოეულ ქალაქ-სახელმწიფოს თავისი მეფე ჰყავდა და საგვარეულო არისტოკრატია მართავდა. ეგვიპტელები ქანაანში ძვ. წ. III ათასწლეულიდან ლაშქრობდნენ, ხოლო XVI-XV სს-ში გაბატონდნენ კიდეც. ეგვიპტელებმა ქანაანი სამ ნაწილად დაყვეს და ყოველ პროვინციას სათავეში ეგვიპტელი მოხელე ჩაუყენეს (აქადურად „რაბიცუ“, ქანაანურად „სოქინუ“). ისინი პროვიცნიას ადგილობრივი მმართველების (აქადური „ხაზანნუ“) საშუალებით განაგებდნენ. ჩრდილოეთ სირიაში ხეთების კვლავმომძლავრების გამო ეგვიპტელთა გავლენა შესუსტდა VX საუკუნის ბოლოდან. რამზეს II-სა და ხათუსილი III-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ქანაანი გავლენის სფეროებად დაიყო. „ზღვის ხალხებმა“ დიდი ზიანი მიაყენეს ქანაანს. ძვ. წ. XIII საუკუნის ბოლოდან ფილისტიმელები, ისრაელისა და იუდას ტომები გაძლიერდნენ. ქანაანის ტერიტორია თანდათანობით შემცირდა. ბოლოს ქანაანი მხოლოდ ფინიკიას აღნიშნავდა, ხოლო ქანაანელები — ჩრდილოეთ აფრიკაში ფინიკიის კოლონიის მცხოვრებთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგაძე გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 452.