შინაარსზე გადასვლა

ფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიამეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და „თვითს“ (Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს „სულის შესახებ“, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა „რატომ?“ ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“- წერდა ჰერმან ებინგჰაუსი. ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. პირობითად გამოყოფენ ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების შემდეგ ძირითად ეტაპებს:

წინამეცნიერული ეტაპი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველეს დროში გაჩენილი პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების - „სულის“ - შესახებ საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიას. ჩვენს შორეულ წინაპრებს სწამდათ, რომ სული ან „აჩრდილი“ დაკავებული იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას გრძნობს კანი. მათ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს სული გამოდიოდა სხეულიდან და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით სიზმარში. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც იწვევდნენ ადამიანთა სულიერი სამყაროს ყველა აუხსნელ გამოვლინებას: ადამიანის მიერ რეალობის აღქმას, ფსიქიკურ აშლილობებს, სიყვარულს, სიმამაცეს, სიმხდალეს და ა.შ.

მეტაფიზიკური ფსიქოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის - „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები, ნებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით.

ემპირიული ფსიქოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი პიროვნებისაგან დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ ინტროსპექცია, რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.

ვუნდტის ფსიქოლოგიური ლაბორატორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ვუნდტის სისტემა იყო ელემენტარისტული, რადგან მასში ცნობიერება მარტივი ერთეულებისაგან აგებულად განიხილებოდა.

გერმანული სიტყვა „გეშტალტი“ ნიშნავს ფორმას ან კონფიგურაციას. გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით გარემო ჩვენს მიერ არ აღიქმება ცალკეული ელემენტების კომბინაციის სახით, ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების უბრალო ჯამს. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელი იყო გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი. მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს - ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთობას. როდესაც, მაგალითად, ნახატს აღვიქვამთ, ის უფრო მეტია, ვიდრე საღებავის ცალკეული მონაცემების ერთობლიობა.

(ინგლ. behavior ქცევა) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოტსონი ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: S—R - ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც S არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო R ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. S-R ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილეობა - გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, განწყობა და სხვა) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის. როგორც ცნობილიაბიჰევიორისტები მხოლოდ ობიექტურ, დაკვირვებად ქცევას მიიჩვედნენ ფსიქოლოგიის საგნად, ცნობიერებიას, ფსიქიკურ პროცესებს კი საერთოდ გამორიცხავდნენ. გაზომვა და რიცხობრივი, ფორმალური საშუალებებით გამოხატული ქცევის აღწერა და ახსნა, მათი აზრით, აახლოვებს მათ ნამდვილ მეცნიერებასთან, რადაც ისინი ბუნებისმეტყველურ მეცნეირებას, მაგალითად, ფიზიკას თვლიდნენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით ნებისმიერი ცნობიერებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესი, იქნება ეს მეხსიერება, აზროვნება და თვით ცნობიერება უნდა განიდევნოს ფსიქლოგიიდან. ამგვარი მიდგომა ასეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური პროცესებისადმი აიძულებდა ბიჰევიორისტებს რაღაც ღრმა ფორმა გამოენახათ ამ პროცესებისათვის. მაგალითად: აზროვნების და მეტყველების ასახსნელად, რომელზე დაკვირვებაც ობიექტურად ძნელია, უოტსონმა შემოიტანა „დაფარული ქცევის“ ცნება. მაგალითად, აზროვნება უოტსონისთვის, „სხვა არაფერია, თუ არა უხმო მეტყველება ან ჩვეულებრივ მეტყველებაში მონაწილე კუნთური მოძრაობები, რომელიც განვითარებასთან ერთად ხდება“.

ამ მოძღვრების შემქმნელი ავსტრიელი მეცნიერი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცნობიერება ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ჩვენი ქცევა განსაზღვრულია არა მხოლოდ და არა იმდენად ცნობიერებით, რამდენადაც არაცნობიერი ლტოლვებით. ეს ის მისწრაფებებია, რომელთა არსებობას ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს და რომლებიც თავისი „მიუღებლობის“ გამო არ დაიშვებიან ცნობიერებაში. ისინი არაცნობიერში განიდევნებიან. არაცნობიერი ტენდენციები შენიღბული სახით შეიძლება გამოვლინდნენ სიზმრებში, ფანტაზიებში, შემოქმედებაში, შეცდომით მოქმედებებში და სხვ. მდიდარ კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით ფროიდმა აღწერა ფსიქიკური შინაარის ცნობიერებიდან არაცნობიერისაკენ და პირიქით, არაცნობიერიდან ცნობიერებისაკენ მოძრაობის პროცესი. მისი დებულებების უმეტესობის შემოწმება დღესდღეობით შეუძლებელია. ფროიდის იდეებზე დაფუძნდა ნეოფროიდიზმი და ეგო-ფსიქოლოგია, რომელთა ფარგლებშიც საფუძლიანად გადამუშავდა ფსიქოანალიზის ზოგიერთი არსებითი საკითხი. მაგალითად, ქცევის მამოძრავებელი ძალების ბუნება, მე-ს ფუნქცია პიროვნების სტრუქტურაში და სხვ.

კოგნიტური ფსიქოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეისწავლის შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების დაფუძნებას და გავრცელებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარებამ. კიბერნეტიკა იმ იდეიდან ამოდის, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესები ყოველგვარ რთულ სისტემაში - კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება, გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის მეტაფორა კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესწავლის ახალი საშუალებაა. ამჟამად კოგნიტური ფსიქოლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, იგი აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ემყარება რწმენას, რომ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე წარმართოს თავისი ქცევა და საერთო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.

თანამედროვე ფსიქოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ფსიქოლოგია ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.

ფსიქოლოგიის ძირითადი განხრებს წარმოადგენს: ზოგადი ფსიქოლოგია, დიფერენციალური ფსიქოლოგია, გენეტიკური ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, პათოფსიქოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია და ორგანიზაციული ფსიქოლოგია.

ზოგადი ფსიქოლოგია შეისწავლის ზრდასრული, ნორმალური, კულტურის თანამედროვე დონეზე მყოფი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს.

დიფერენციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ სხვაობებს, იმ თავისებურებებს, რომლებიც ახასიათებს სხვადასხვა ტიპის, ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ეროვნების ადამიანებს; აგრეთვე კონკრეტული პიროვნებების ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

გენეტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ისეთ ფსიქიკურ კანონზომიერებებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადამიანის ევოლუციის პროცესში და არა კულტურული განვითარების სტადიაზე.

სოციალური ფსიქოლოგია ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების ფსიქიკურ თავისებურებებს იკვლევს. მისთვის ნიშანდობლივია საზოგადოების გავლენა ინდივიდზე.

პათოფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკის ანომალიურ, პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში;

ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის განვითარებას და ცვალებადობას ონტოგენეზში, ე.ი. მისი ცხოვრების განმავლობაში-დაბადებიდან სიკვდილამდე.

ორგანიზაციული ფსიქოლოგია შეისწავლის პროფესიული შრომის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ამ პროცესის რაციონალიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით; ასევე სამუშაო პირობების ადეკვატურობასა და შრომისუნარიანობის ზრდას.

ფსიქოლოგია სხვა ფუნდამენტურ მეცნიერებებს შორის ყველაზე ბოლოს გამოეყო ფილოსოფიას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით: ზიგმუნდ ფროიდს (ფსიქოანალიზის ფუძემდებელი) და ვილჰელმ ვუნდტს (პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური ლაბორატორიის შემქმნელს, რომლის მოწაფეც იყო ქართული ფსიქოლოგიის მამა, განწყობის თეორიის ავტორი დიმიტრი უზნაძე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]