ირაკლი ანდრონიკოვი
ირაკლი ანდრონიკოვი | |
---|---|
ირაკლი ანდრონიკოვი | |
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი/28 სექტემბერი 1908 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
13 ივნისი, 1990 მოსკოვი, რუსეთი |
ალმა-მატერი | ლენინგრადის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
კრიტიკოსი ლიტერატურათმცოდნე მკვლევარი მწერალი |
ირაკლი ანდრონიკოვი (ირაკლი ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი; რუს. Андроников, Ираклий Луарсабович; დ. 28 სექტემბერი 1908, სანქტ-პეტერბურგი — გ. 13 ივნისი, 1990, მოსკოვი) — რუსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე.
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1982). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), რსფსრ (1959) და საქართველოს სსრ (1961) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1967). სკკპ წევრი 1949 წლიდან.
ირაკლი ანდრონიკოვი დაიბადა ცნობილი იურისტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 1929 წლიდან (რუსულ ენაზე).
1935 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე თავისივე ზეპირი მოთხრობებით, რომლებშიც განასახიერებდა რეალური გმირების — მწერლების, მეცნიერების, მსახიობების და სხვა მოღვაწეების „პორტრეტებს“. 1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფილო ომში როგორც სამხედრო კორესპონდენტი (კალინინის ფრონტი, სმოლენსკის პარტიზანული რაზმები, ამიერკავკასიის ფრონტი).
ანდრონიკოვის იუმორით შეფერილი ზოგიერთი მოთხრობა მხოლოდ ზეპირ ვარიანტებში არსებობს („ვარვარა ზახაროვნა“, „სტუმრად ბიძასთან“, „პირველად ესტრადაზე“), სხვები კი შემდგომ დაიბეჭდა („მოთხრობები-საუბრები“, 1935; „გენერალ ჩანჩიბაძის საუბარი ახალწვეულებთან“, 1942; „ლერმონტოვის თანამემამულე“, 1952; „შალიაპინის ყელი“, 1959; „სალვინის შეცდომა“, 1959 და სხვა). ანდრონიკოვი მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედების მკვლევარი, ლერმონტოვის ენციკლოპედიის თანაავტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. ეკუთვნის აგრეთვე პუშკინის დუელის და სიკვდილის შესახებ ახალ მასალებზე აგებული ნარკვევები. იყო რედაქტორი ლერმონტოვის თხზულებათა ოთხტომეულისა (1953).
საქართველოს საგანგებო ადგილი უკავია ანდრონიკოვის შემოქმედებაში. გამოკვლევაში „ლერმონტოვი საქართველოში“ ყურადღება გამახვილებულია ლერმონტოვის საქართველოსთან კონტაქტებზე 1837 წელს. მის წერილებსა და ესეებში ქართველ მოღვაწეებზე ხშირად ვხედავთ ობიექტის ღრმა წვდომას (ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში სოციალური მოტივების შეფასება, გიორგი ლეონიძისა და სიმონ ჩიქოვანის პოეზიის ნიშან-თვისებათა ზუსტი მოხაზვა, ვახტანგ ჭაბუკიანისეული დადგმის — ბალეტ „დემონის“ ბრწყინვალე შეფასება და ა.შ.). ანდრონიკოვი ეწეოდა დიდ საზოგადო, ორგანიზაციულ-შემოქმედებით მუშაობას, სხვადასხვა დროს იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის, მთელი რიგი სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.
ანდრონიკოვის ზეპირი მოთხრობები საფუძვლად დაედო რამდენიმე კინოფილმს, რომლებშიც ის თვითონვე მონაწილეობდა.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიტერატურათმცოდნის მოთხრობები, თბ., 1962;
- საქართველო მ. ლერმონტოვის შემოქმედებაში, თბ., 1953.
- Я хочу рассказать вам..., 2 изд., М., 1965;
- Лермонтов. Исследования и находки, 2 изд., М., 1967.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი ანდრონიკოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ირაკლი ანდრონიკოვი — ბიოგრაფიული ცნობები (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგველაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 153–154.
- Александров В., Ираклий Андроников, в его кн.: Люди и книги, М., 1956;
- Жданов В., В поисках нового, "Новый мир", 1964, № 10;
- Дейч А., Творческий облик поэта, "Театр", 1965, № 1.
- რუსი ლიტერატურათმცოდნეები
- ქართველი ლიტერატურათმცოდნეები
- რუსი მწერლები
- ქართველი მწერლები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- დაბადებული 28 სექტემბერი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 13 ივნისი
- გარდაცვლილი 1990
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ვედენის სასაფლაოზე დაკრძალულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები